სიყვარულით მიღწეული წარმატება

სიყვარულით მიღწეული წარმატება

შესაძლებელია თუ არა შემთხვევითობამ საკუთარი თავი გაპოვნინოს? რა არის კარიერული ზრდის წინაპირობა? როგორ თავსდება ერთმანეთთან საქმიანი ქალისა და დედის იმიჯი? – ამის შესახებ Focus-ის მკითხველი სასტუმროს ბიზნესში ცხრაწლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე, „რადისონ ბლუს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორისგან ნინა ასათიანისგან შეიტყობს:

უჩვეულო დასაწყისი

ბაკალავრიატი ჰავაის უნივერსიტეტში, მაგისტრატურა კი საქართველოს უნივერსიტეტში, დიპლომატიის კუთხით დავამთავრე. სასტუმრო ბიზნესთან შეხება არასოდეს მქონია. ჩემთვის სასტუმრო მხოლოდ სერვისთან ასოცირდებოდა.
2004-2005 წლებში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში ხალხთა უკმაყოფილების ანალიტიკოსად ვიმუშავე. კარგი ანაზღაურება მქონდა და მეგონა, კარიერის პიკზე ვიყავი. მერე ჩემი დეპარტამენტი გაუქმდა და ერთი თვის მანძილზე უსამსახუროდ დავრჩი. თუმცა არ მომიწყენია – 23 წლის ვიყავი, ვისვენებდი, მშვენივრად ვერთობოდი მეგობრებთან ერთად. ერთხელაც, აუზზე ყოფნის დროს, მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ „თბილისი მარიოტს“ გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე ვაკანსია ჰქონდა. მეგობარი არ მომეშვა და რამდენჯერმე დამირეკა, მაიძულა ჩემი CV გადამეგზავნა. ძალიან გამიკვირდა, როდესაც გამომეხმაურნენ და ამ პოზაციაზე ამიყვანეს. იმდროინდელ თბილისში სულ ორი საერთაშორისო სასტუმრო – „შერატონი“ და „თბილისი მარიოტი“ იყო. სწორედ მაშინ მივხვდი: მიუხედავად იმისა, რომ დიდად საპასუხისმგებლო სამსახური არ მქონდა, ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან მომწონდა.

დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

„მარიოტში“ მუშაობის დროს ხშირად მიწევდა ძველ „ივერიასთან“ გავლა. ვიცოდი, რომ მის ადგილს „რადისონი“ დაიკავებდა… მოკლედ, jobs.ge-ზე „რადისონის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ვაკანსიაზე CV გადავაგზავნე. ეს ცოტა ამბიციური განაცხადი იყო, მაგრამ არაფერს ვკარგავდი. გასაუბრებაზეც დამიბარეს. მაშინ გასაუბრებასთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა – საოცარი დაძაბულობის შეგრძნების გამო, საკუთარი თავის პრეზენტაციას კარგად ვერ ვახერხებდი.
რადგან ვიცოდი, რომ „რადისონში“ მოხვედრა ურთულესი იყო და ამის იმედიც დიდად არ მქონდა, გასაუბრებაზე აბსოლუტურად მოშვებული მივედი, შევხვდი ჩემს პოტენციურ დამსაქმებელს და თავისუფლად ველაპარაკე. ალბათ ამან განაპირობა ის, რომ ორივე ტური წარმატებით გავიარე.
არსებობს დაუვიწყარი დღეები. ასეთი იყო ის დღეც, როდესაც „რადისონიდან“ ოფიციალური შეთავაზება მივიღე. ძალიან ბედნიერი ვიყავი მეც და ჩემი მშობლებიც, რომლებიც ყოველთვის მგულშემატკივრობდნენ.

რთული პერიოდები

თავიდან ბევრს არ სჯეროდა ჩემი. ყოველთვის ნეგატიური ხმები მომდიოდა და ეს საშინლად მანერვიულებდა. არ ვიცი, რისი ბრალი იყო. ალბათ ბევრ ადამიანს უნდოდა ამ სამსახურში მოხვედრა… სტრესული პერიოდი მქონდა. საქმესაც ნულიდან ვიწყებდით – მე, ჩემი გენერალური მენეჯერი, მისი ასისტენტი და კადრების უფროსი. სასტუმროს გახსნამდე თორმეტსაათიანი გრაფიკით ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი – ის ცოდნა, რაც მქონდა, საკმარისი არ აღმოჩნდა.
სირთულეებთან დაკავშირებით, მახსენდება კომპანიის დონეზე მენეჯმენტთან არსებული კიდევ ერთი, კონკრეტული პრობლემა, რომელიც, საბედნიეროდ, ჩემი კომუნიკაციის უნარით გადავჭერი. როდესაც ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია პროფესიულ დონეზე გაქვს, ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია.

პირველი წარმატება

სასტუმროს გახსნამდე ორი თვით ადრე, უბრალოდ „დავგუგლე“ და ინტერნეტის საშუალებით ვიპოვე ადამიანები, რომლებიც სრულიად მოულოდნელად, „რადისონში“ კონფერენციის ჩატარებაზე დამთანხმდნენ. ეს იყო 400-კაციანი კონფერენცია და პირველი 28-ათასდოლარიანი ხელშეკრულება. მართალია მენიუს შედგენაც კი მე მომიწია, მაგრამ ამის აღსანიშნავად სახლში შამპანური მაინც გავხსენი!

წარმატების ფორმულები

ვფიქრობ, რომ პრობლემების უმრავლესობა, რომელიც გვექმნება, არასწორი კომუნიკაციის ბრალია. ჩვენ არ ვიცით მოსმენა. გაყიდვების ნომერ პირველი წესი არის ის, რომ მოსმენა და არა ბევრი ლაპარაკი შეგეძლოს.
წარმატებისთვის აუცილებელია იმ საქმეში იყო, რომელიც გიყვარს. საკუთარი თავი შენს პროფესიაში უნდა იპოვო. მაგალითად, ჩემი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია.
ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას საიმედო გუნდის გარეშე. ბევრი მუშაობის შედეგად, შევძელით და შევქმენით გაყიდვების ფანტასტიკური დეპარტამენტი.
საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა. ამაში პროფესიონალი გენერალური მენეჯერიც მეხმარებოდა და „რადისონის“ შესანიშნავი ტრენინგებიც. საკუთარი თავის, შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამოვიდეს, მაგრამ რაც მიზნად დამისახავს, მიმიღწევია კიდეც.

ახალი გამოწვევა

დეპარტამენტის სტრუქტურის შეცვლის შემდეგ, ბათუმის „რადისონი“ ჩემს კომპეტენციაში გადავიდა. თავიდან ყურადღების ბალანსის დაცვა მიჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ორივე სასტუმრო კარგად მუშაობს. სულ მალე „რადისონ ბლუ ტელეგრაფიც“ გაიხსნება. ახალ სეგმენტზე მოგვიწევს მუშაობა და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ კადრებზე მოთხოვნა დიდია და ხშირი შემოთავაზებები მქონია, საქართველოდან წასვლას არ ვაპირებ. პერსპექტივები აქაც არის და საკუთარ ქვეყანაში მუშობა მირჩევნია.

შვილები

ხშირად მიწევს ფრენა, მაგრამ არ მინდა ჩემი შვილებისთვის თვითმფრინავში ჯდომა ნორმად იქცეს… გამიმართლა – უადვილესი ორსულობა მქონდა. მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე, საქმიანი შეხვედრა დავასრულე, მერე სილამაზის სალონში შევიარე და იქიდან პირდაპირ სამშობიაროდ წავედი… დეკრეტულ შვებულებაშიც ორ თვეზე მეტხანს არ ვყოფილვარ. ახლა ბავშვებს კრიტიკული ასაკი აქვთ – 3 და 4 წლის არიან. ამიტომ ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც სამსახურიდან ექვს საათზე გავიდე. კარგ ამინდში კუს ან ლისის ტბაზე ფეხით ვსეირნობთ, მით უფრო, რომ დროის დეფიციტის გამო, ვარჯიშის ფუფუნება არ მაქვს. ბავშვებთან ერთად, ხან მანქანებით ვერთობი, ხან ეზოში ფეხბურთს ვთამაშობ და ეს ჩემთვის მართლაც ყველაზე ბედნიერი საათებია!

კომენტარები

კომენტარი