სტამბოლის ეგზოტიკა

სტამბოლის ეგზოტიკა

სტამბოლისა და, ზოგადად, თურქეთისადმი ჩემი ინტერესი ორმა ადამიანმა განაპირობა. ერთ მათგანს 2006 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა და ამ პრემიის პირველი თურქი ლაურეატი გახდა. მეორის ფილმები კი არაერთგზის იყოს ხვადასხვა პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებული. შეუძლებელია ფამუქის წიგნები იკითხო და არ მოგინდეს შენი თვალით ნახო ის ქალაქი და ქუჩები, სადაც მისი წიგნების გმირები ცხოვრობენ და არ შეიძლება ნური ბილგე ჯეილანის ფილმებს უყურო და სურვილი არ გაგიჩნდეს, რომ შენც წახვიდე და დაიკარგო ძველ ანატოლიაში, ან საკუთარი თვალით ნახო დათოვლილი ბოსფორი.

სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ფამუქის “სტამბოლი მოგონებების ქალაქი” და ბანალური ჭეშმარიტება აღმოვაჩინე: სრულიად განსხვავებულია ჩემი (ზოგადად ტურისტის) და სტამბოლელის (თან მწერლის) თვალით დანახული სტამბოლი. ფამუქი, ძირითადად, მე-20 საუკუნის სტამბოლზე, თურქეთის ისტორიასა და ოსმალეთის იმპერიის დაცემით გამოწვეულ სევდაზე წერს და თითქმის არაფერს ამბობს–რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე ოსმალეთის იმპერიამდე. ჩემთვის კი უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო სწორედ უძველესი კულტურებისა და ცივილიზაციების კვალის ძიება აღმოჩნდა და საერთოდ მგონია, რომ სტამბოლზე და თურქეთზე წერა შეუძლებელია ამ კონტექსტის გარეშე. მით უფრო მაშინ, როცა ეს ქვეყანა ასე მდიდარია ანტიკური და ბიზანტიური კულტურის ძეგლებით და იგი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წელიწადში 20 მილიონზე მეტ ტურისტს სწორედ ამით იზიდავს.

ევროპა

შეიძლება ითქვას, რომ სტამბოლი ქალაქი-მუზეუმია, სადაც თანამედროვე შენობებთან, ძველ და ახალ მეჩეთებთან, მდიდრულ სასახლეებთან ერთად – ათეულობით საუკუნის წინანდელი ეგვიპტური და ბიზანტიური ობელისკები თანაცხოვრობენ. ტურისტების რაოდენობით სტამბოლის პირველი სანახაობა აია სოფიას ტაძარია. მასშტაბთან ერთად, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ტაძრის მოოქროვილმა მოზაიკამ მოახდინა. ქართულ ტაძრებში ფრესკებისა და მოზაიკის შერწყმა მხოლოდ გელათშია. (სავარაუდოდ, ესეც ბერძენი ოსტატების ნახელავი უნდა იყოს). აია სოფიას გარდა, მოზაიკა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ქრისტიანულ ტაძარშია შემორჩენილი.

განსაკუთრებით მდიდარი ქორას მონასტერია, რომელსაც აია სოფიას მსგავსად, მუზეუმის სტატუსი აქვს და მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა.

აია სოფიას პირისპირ სულთან აჰმედის კუბის ფორმის ცისფერი მეჩეთი დგას ექვსი მინარეთით, რომელიც სიდიდით აია სოფიას არ ჩამორჩება. იპოდრომის მოედანზე ერთმანეთის მიყოლებით კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა: სტამბოლის ყველაზე ძველი ნაგებობა–ეგვიპტური ობელისკი (ძვ.წ.-აღ XVI ს.), გველის კოლონა (ძვ. წ.-აღ. V ს.); კონსტანტინეს ობელისკი (X ს.) და გერმანელი კაიზერ ვილჰელმ II-ის ნაჩუქარი შადრევანი.

იპოდრომის მოედნის სიახლოვესაა სტამბოლის არქეოლოგიის მუზეუმიც. იქ სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება; მათ შორის: სიდონში (ლიბანი) აღმოჩენილი ალექსანდრე მაკედონელის სარკოფაგი (ძვ. წ-აღ IVს.); შვიდიდან ერთ-ერთი საოცრების–ჰალიკარნასის მავზოლეუმიდან ლომის ქანდაკება; ზევსის, ათენასა და ალექსანდრე დიდის ქანდაკებები; ათასწლეულების წინანდელ ბაბილონის იშთარის კარიბჭის ლომები და ა.შ.

არქეოლოგიის მუზეუმის მეზობლადაა თოფქაფის სასახლე ათიათასობით ექსპონატით. ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს ოთხი დარბაზი იწვევს ოქროს ხმლებით, სულთნების ოქროს ტახტებით, სამკაულითა და სხვა ძვირფასი ნივთებით. ერთ-ერთ დარბაზში თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი 86-კარატიანი ბრილიანტი მოგჭრით თვალს, რომელიც მასზე მომცრო, 52-კარატიანი ბრილიანტის გვერდითაა გამოფენილი. ამ დარბაზებში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია და დაცვაც გაძლიერებული ჰყავს.

ქალაქის დასავლურ ნაწილში, აია სოფიას სიახლოვესაა ბაზილიკა ცისტერნა–რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავი, რომელიც ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას. აქედან ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული. მესამე ასეთ თავს არქეოლოგიის მუზეუმის ეზოში იპოვით.

სტამბოლის ქუჩებში მეგობრებთან ერთად ხეტიალისას, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში აღმოვჩნდით, სადაც სრულიად შემთხვევით კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს შევხვდით. მას ბერძენი სტუმრები ჰყავდა. ჩვენც ძალიან თბილად მიგვიღო, საქართველოზე და ორი კვირის წინ თბილისში სტუმრობაზე გვესაუბრა. სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ, თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ სხვა სტუმრებთან ერთად ჩვენთვისაც გადმოეცა საჩუქრები.

აზია

დასავლეთიდან აღმოსავლურ, აზიურ ნაწილში რომ მოხვდეთ, ბოსფორი უნდა გადაკვეთოთ. ბოსფორს გადაღმაა გალათას კოშკი, დოლმაბაჰჩეს სასახლე, “ისტანბულ მოდერნი”, ტაქსიმის მოედანი წითელი ტრამვაით და ჩემი კიდევ ერთი სამიზნე, რომელსაც ბოლოსთვის შემოვინახავ.

ბოსფორზე გემით ერთ, ან ორ საათიან ტურებს გთავაზობენ, რაზეც უარს, როგორც წესი, არც ერთი ტურისტი ამბობს. სტამბოლის აზიურ ნაწილში გადასვლა ბოსფორზე გადებული ხიდებითაცაა შესაძლებელი. ძველი ფოტოების მსგავსად–გალათას ხიდი ისევ სავსეა ანკესმომარჯვებული მეთევზეებით, თევზის გამყიდველებითა და მოვაჭრეებით.

სტამბულის მოვლის მეოთხე დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარსულისა და მომავლის შეხვდრის ადგილად იქცა. ძირითადი საგამოფენო სივრცე გამოფენას, Past And Future ჰქონდა დათმობილი, სადაც წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთ და თურქეთში მოღვაწე 136 თურქი მხატვრის 180 ნამუშევარი – თანამედროვე თურქული ხელოვნების განვითარების მთელი გზა– Modern Art-დან Contemporary Art-მდე. მათ შორის: ჰუსეინ ჩალაიანის ინსტალაცია Repose II, menta lKLINIK-ის DOUBLE CHERRY, Tony Cragg-ის Ugly Faces და ა.შ.

ისტანბულ მოდერნის შემდეგ, ჩუქურჩუმას ქუჩის ძიებაში ერთი გრძელი აღმართი ავიარე, ფამუქის “უმანკოების მუზეუმს” იოლად მივაგენი. (იგი ერთი წლის წინ, 2012 წლის 28 აპრილს გაიხსნა). ეს მუზეუმი ლიტერატურის გაცოცხლება-რეინკარნაცია, რაღაც შუალედური რგოლია პირველწყაროს, წიგნს და კადრებად გაცოცხლებულ ფილმს შორის, თეატრი-ინსტალაციაა გმირების გარეშე, სრულყოფილი დეკორაციითა და კოსტიუმებით, გამატერიალურებული ჩემი 700-გვერდიანი წიგნია, რომელიც ავტორმა 3 სართულში, 4 ოთახსა და ვიწრო დერეფნებში მოაქცია.

…თვალები გამიბრწყინდა, როცა მუზეუმის წიგნთსაცავში რომანის ათეულობით თარგმანს გვერდით “უმანკოების მუზეუმის” ქართულ გამოცემასაც წავაწყდი.

ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ჩემზე მაინც 17 საუკუნის წინანდელმა, ათა თურქის ბულვარზე ხიდად გადებულმა ერთკილომეტრიანმა აკვედუკმა მოახდინა. აკვედუკიდან მოჩანს როგორც “დასავლური”, ისე “აღმოსავლური” სტამბოლი, ბოსფორის სრუტე და ოქროს რქა, მარმარილოს ზღვაზე მოლივლივე დიდი და პატარა გემები, სარტყელივით გადაკრული გრძელი ხიდები, მეჩეთები და ცათამბჯენები. ვერ ვიტყვი, რომ აკვედუკზე ასვლა გამიადვილდა, მაგრამ სწორედ იქ ვინატრე ამ ქალაქში კვლავ დაბრუნება…

ბოლო დღე შოპინგისთვის შემოვინახეთ. ეგვიპტურ ბაზარში თითქოს მთელი აზიის ეგზოტიკას მოეყარა თავი: რაჰათ-ლუქუმისა და ნაირფერი სუნელების მთები, თურქული ჩაისა და ყავის დახლები, ფერად-ფერადი ჩირები და ესენციები. აღარაფერს ვამბობ ქალაქის ყველა კუთხის მაღაზიაში გამოფენილ კერამიკის ჭურჭელსა და ფერადი შუშის მოზაიკით დამზადებულ ლამფებსა და ჭაღებზე, ფარდაგებზე, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულზე, აბრეშუმისა და მოხატულ-მოქარგული სელის ფარდაგებზე. სტამბოლი ნამდვილი მუზეუმია!

კომენტარები

კომენტარი