სხვა ახალი წელი

სხვა ახალი წელი

თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდება, იმას ველოდები.
რა გაძლებს კიდევ ერთ საათს?
შუქი მოვა. ცენტრალური.
ეს ოთხმოცდაათიანების კანონიკური სასწაული.
სხვა მხრივ – ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის მცირევოლტიანი „დესპანი“ „შემომივლიდა“ ხოლმე. იმდენად სუსტი, რომ ნათურა გადამწიფებულ კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე მანათობელს. ეს იქით იყოს, და იმ წელს DENDY-ს კომპიუტერი მაჩუქეს. ვის აინტერესებს შენი საგანგებოდ დაკლული ინდაური და გოზინაყი. სტუმრები ღვინის ოცლიტრიან ბოცას თვალებით ჭამენ. ისინიც „ცენტრალურს“ ელიან:
„მოსკოვს მაინც მაგარი ესტრადა აქვს. ОРТ-ზე გადავრთოთ, როცა მოვა. ჩვენების ბლუყუნს სჯობს“.
ჩემი ახალი წელი, სხვა, უცნაურ ასოციაციებს უფრო აღძრავს: მეზობელი, რომელიც ოთხმოცს გადასცდენოდა, 31 დეკემბერს აივანზე გამოდიოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ათასგვარი მაშხალის ელვა-ქუხილს. წარმოიდგინეთ ადამიანის უკიდურესი ნეტარების გამოხატულება. ვთქვათ, ამ მასშტაბის – რომელიღაც ჩრდილოურ ტელეშოუში ალექსანდრ მალინინი პორუჩიკ გალიცინს უგალობს და კამერა შუახნის ქალბატონს უახლოვდება, ან ჯგუფი „მგზავრები“ რომელიღაც გადაცემის წამყვანს უმღერს და კადრში წამყვანის ანფასი ჩნდება (ეს უნდა ჩავაკვეხო, ვერ მოვითმენ). აი, ამგვარი სახე ჰქონდა ამ კაცს და ჩემი ახალი წელიც ამგვარია – გაუცნობიერებელი ნეტარებისა და იმედის ტალღა (ბოლო სიტყვათშეთანხმებამ თუ ცუდი რამ მოგაგონათ, ჩემი ბრალი არაა).
ისე, რავა გითხრათ? ამ „დენის“ გამოკლებით, მგონი დღესაც იგივე სცენარები თამაშდება ჩვენთან, ოღონდ მორცხვად ვმალავთ, რომ ჯერ კიდევ ინერციის ნაწილი ვართ.
ჰოდა, რა გაძლებს 5 წუთს? ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. მითხრეს, რომ არავითარი „მარიო“ არ იქნებოდა – სტუმრებს ტელევიზორის ყურება უნდოდათ. მეც, პროტესტის ნიშნად, ავდექი და დავწექი. სიზმრად ვნახე: განათებულ დარბაზში ვიდექი. საოცარი ფეიერვერკი იყო ცაში. პრინცესა დავინახე – მივხვდი, რომ ბოლო ტური დავხურე. ეს გოგო ხომ მაშინ ჩნდებოდა… ძალიან, ძალიან მიხაროდა. აივანზე ჩემი ოთხმოცი წლის მეზობელი იდგა და მიცინოდა.
ასეც ხდება – თითოეულ ახალ წელს საკუთარი პროლოგი აქვს. განუმეორებელი სიუჟეტით, და ასე განსაჯეთ – სუნითაც კი. თანდაყოლილი და მოურჩენელი სუნით.

კომენტარები

კომენტარი