სხვა ფემინიზმი

სხვა ფემინიზმი

ბებიაჩემი მნიშვნელოვანი ქალი იყო. ჩემზე მეტად ჯიუტი და იდეალისტი. უკვე ძალიან მოხუცი, ავიდა სოფელ სურებში და ქალთა საბჭო დააარსა, განათლებისა და მსგავსი ამბებისთვის რომ მიეხედა. ჩემზე უფრო ჯიუტი და იდეალისტი. დონკიხოტობა ეგ არის, თუ არის; იცოდა, რომ შეიძლებოდა განწირული ყოფილიყო ეს საქმე, მაგრამ მაინც ავიდა. დიდი იდეები ჰქონდა, მაგრამ არასოდეს ეთაკილებოდა წვრილმანი საქმეების კეთება. გერმანულსა და ქართულს ასწავლიდა სკოლაში, პენსიაზე გასვლის შემდეგ შინ მუხლჩაუხრელად შრომობდა და ერთხელ, დიდი გაჭირვებისას, მზესუმზირის გაყიდვაც კი მოინდომა, მაგრამ ოჯახში დაუშალეს – „შემოდგომისაზნაურული“ ამპარტავნების ამბავში. მერე თეკლათის დედათა მონასტერში წავიდა გარდაცვლილი შვილისა და ქმრის, და ჩვენთვის – ცოცხლებისთვის, სალოცავად. რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა. ობოლი, სტუდენტი შვილიშვილების მოსავლელად გადავიდა თბილისში, სტუდქალაქში. დაუდგრომელი გახლდათ – ისტორიებისა და ფათერაკების ადამიანი.
ფეჩქის (ძველქართულად – ღუმელი. სხვა დანარჩენის ძველქართულების დართვას თქვენვე განაგრძობთ) დანთება პრომეთეს ოსტატობის საქმეა. არსებობს მკაცრი ინსტრუქციები: სპიჩკა არ უნდა იყოს სობელი. იოლად ეკიდებოდეს. შეშა – ნედლი გამორიცხულია – სასურველია, წინა ღამით ფეჩქზევე გამომშრალი. სალიარკა – გემოვნებით. შეიძლება კვარიც და ქაღალდიც, მაგრამ მაგ შემთხვევაში პრომეთეს ნიჭს უნდა აღემატებოდეთ. რომ წეეკიდება, მერე უნდა კიდო ერთი ღერი ხმელის მიშველება და მერე შეიძლება ჯირეკიც – დიდხანს იწვის. ეკონომიურია. გარედან რომ ხერხვის ხმა ისმის, ფეჩქი რომ ანთია და სიგუას ნამცხვრის გურული ბიძაშვილი რომ ცხვება – ვაშლის ხაჭაპური – ბოდრიარის მასშტაბის სიმულაცია და ღვეზელთა მიმართ მკრეხელობაც კი – ეს ნიშნავს ოთხმოცდაათიანების გურიის შუა შემოდგომის დილას, გულარეულ ამინდს და კედელზე მიკიდულ მოსახურ კურტკებს, გარეთ რომ გახვალ და უნდა მეიცვა. ნაკვერჩხალზე თვალების გაშტერებასაც და ღამეული დომინოს მოლოდინსაც. პუსტა-პუსტა. დიდ არს ფეჩქი! ბებიაჩემი კი მისი ყველაზე ჯადოსნურად დამნთები გახლდათ. სულს უბერავდა და ნედლს შეშასაც ალი ედებოდა.
გურიაში საშინელი ამბავი მოხდა: მამამთილმა რძალს ცხელი წყალი გადაასხა და ის ქალი კინაღამ დამწვრობისგან გარდაიცვალა. სხვა სოფელში მოხდა. უცხო ხალხში. ბებიას ისედაც შავი ეცვა სულ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ ხანდახან თავშალს იხსნიდა. იმ დღეს თავზე წაიკრა საგანგებოდ. თქვა: ქალების უბედურ დღეს ვგლოვობო. პატარა ვიყავი და მიკვირდა. ახლა რომ გადავხედე მისი ბიოგრაფიის ჩემთვის ნაცნობ ნაწილს, ნამდვილი, მეომარი ფემინისტი იყო. თავგამოდებით იბრძოდა, რომ სკოლისა და ბიბლიოთეკის დირექტორი ქალი ყოფილიყო სოფელში. ყველა კაცს აკრიტიკებდა, ვისზეც გაიგებდა, ცოლს შეაგინაო და ხელის გარტყმაზე ხომ – საერთოდ! ცხადია, ფემინიზმის თეორიისა ნათელამ (ბებიაჩემის სახელია) ბევრი არაფერი იცოდა, ის კონტექსტი, სადაც გაიზარდა და განათლება მიიღო, ამ ყველაფერს ნაკლებად გულისხმობდა, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის…

კომენტარები

კომენტარი