თბილისური ფიტნესი

თბილისური ფიტნესი

თბილისი, მოგეხსენებათ, მეტ-ნაკლებად მოდური ქალაქია. ტანსაცმლიდან მოდაშია ის, რასაც უმრავლესობა იცვამს. გასართობი ადგილებიდან ის გახლავთ მოდური, სადაც აგრეთვე უმრავლესობა ერთობა. რეალურად, შეიძლება სულაც არ მოსწონდეთ იქაურობა, მაგრამ რადგან ის ადგილი კარგ „ლოკაციად“ მიიჩნევა, ამიტომაც მზად არიან აიტანონ მათთვის უინტერესო გარემო, მავანმა რომ მერე კარგ ტონად ჩაუთვალოს.
მე მაინც მგონია, რომ კარგი ერი ვართ, თუმცა ზედმეტად მიმბაძველი!
მახსოვს, ერთხელ პირდაპირ ჩართვას ვუყურებდი, ფილარმონიიდან. კონცერტს ცნობილი ჯაზმენი (სახელს რა მნიშვნელობა აქვს) მართავდა. კორესპონდენტმა გამოკითხა კონცერტზე დამსწრეთა ხუთეული, რომელთაგან მხოლოდ ერთმა იცოდა, ვის კონცერტზე იმყოფებოდა:) რა მწვალებლობაა, გამაგებინეთ?!

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ცნობილ ფიტნეს–კლუბთან მქონდა საქმიანი შეხება. აი, სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქალაქში სპორტული ცხოვრებაც საოცრად მოდაშია!
დავიწყებ იმით, რომ ყველა ქალის აკვიატებაა გაზაფხულზე გახდომა. წონის კონტროლი ზამთარსა და შემოდგომაზე კი არ უნდათ, არამედ მხოლოდ გაზაფხულზე – მაშინ, როცა მსუბუქად ვიწყებთ ჩაცმას. ამასთან ერთად, წონაში დაკლება ყველას პირველ ორ კვირაში სურს – 1 თვე როგორ დაიცადოს, როცა მალე მაისია, ან გნებავთ, აგვისტო?! იმაშიც დავრწმუნდი, რომ ზოგადად, ზომიერების გრძნობა არ გაგვაჩნია.
ან უნდა დავიხრჩოთ ჭამაში, ან კახექსიურად უნდა გავხდეთ – ზღვისთვის. მკვრივი რომ იყო, თუნდაც ოდნავ ხორციანი, არ „აწყობთ“, ამას „დაფოტოშოფებული“ გამოსახულება ურჩევნიათ, რეალობასთან სხეულის შეუსაბამო მონაცემით. ან ვინ თქვა, რომ ვინც გამხდარია, ყველას კარგი სხეული აქვს? ეს შეხედულება საერთოდ მაგიჟებს: „შენ რად გინდა ვარჯიში, გამხდარი ხარ“ (!!!!!!!) გამხდარი და მოშვებული სხეული 10-ჯერ მეტად ულამაზოა, ვიდრე ვინმეს საერთოდ წარმოუდგენია.
სასაცილოა ის ფაქტიც, რომ გასახდომად მოდიოდნენ ივლისში და 10 კილოს დაკლება უნდოდათ აგვისტომდე… ნუ, 7-ის მაინც. გაოცებული ვეკითხებოდი, სად იყვნენ აქამდე, და ვარწმუნებდი, რომ არარეალურია ერთ თვეში ამდენი კილოგრამით დაკლება. გარდა იმისა, რომ არარეალურია, ამგვარად დაკლება არც ჯანმრთელი იქნება-მეთქი, ვარწმუნებდი. – რომ ვიშიმშილო? – არ მეშვება ის (თინეიჯერია და ასე მარტივად არ გენდობა. მასზე კომპეტენტური რომ ხარ, არც ამის სჯერა). შიმშილით დაიავადებ თავს და რაც დაიკელი, ჭამას დაიწყებ თუ არა, მოიმატებ-მეთქი, ვურჩიე. ასევე დავრწმუნდი, რომ არავის არ ესმის რჩევა და მაინც მშივრები დადიან. შედეგად, გვქონდა გალურჯებული ტუჩები და დაუმორჩილებელი არითმია. შემდეგ ვარჯიშის 1 კვირიანი წყვეტა და ბოლოს ისევ წუწუნი: „იცი, ისევ იმდენი კილო ვარ, რამდენიც მოსვლისას ვიყავი“.
არის მეორე კატეგორიაც – „შეპყრობილები“, რომლებიც ფიტნეს–კლუბს აკითხავენ – იმიტომ კი არა, რომ (მათი აზრით 2-3კილოგრამი, ჩემი დასკვნით კი, 7-9 კილო) წონა აქვთ დასაგდები, არამედ იმიტომ, რომ აქ დადიოდნენ ნინი, თინი და ანი). მალე დავრწმუნდი იმაშიც, რომ ძალიან სწორად ვიზრდებოდი, როცა მთელი ბავშვობა „წრეში ბურთს“, „ორდროშობანასა“ და „რეზინობანას“ ვთამაშობდი. ეს თურმე ნორმალური ყოფილა! დღევანდელმა თაობამ არამცთუ ვარჯიში, სირბილიც კი არ იცის. დიახ, არ მოგესმათ – არ იციან ჩვეულებრივი სირბილი! მზად ხარ? – ვეკითხები 15 წლის გოგონას, რომლის სასწორზე დაყენების მერე თმა ყალყზე დამიდგა, – ძალიან კარგი. მოემზადე, გახურებას ვიწყებთ ნელი ძუნძულით“. გოგონას სახის გამომეტყველებაზე მივხვდი, სიტყვა „ძუნძული“ გაგებული არ ჰქონდა. არ შევიმჩნიე, გავიღიმე და განვუმარტე: „ანუ, ვიწყებთ ნელი სირბილით“. გოგონა ისევ უმეტყველო სახით დგას – „სირბილი? ანუ, როგორ?!“ – გაოცებული მეკითხება ის. სირბილი არ გაუგია, სამაგიეროდ, გადასარევად ერკვევა მაკდონალდსის, კრეპებისა და ნებისმიერ ეგრეთ წოდებულ „ჯანქ ფუდში“ და არანაკლები სიხშირით სტუმრობს ამ დაწესებულებებს – ძირითადად, ღამის საათებში!:)
„მეცადინეობა არ მიყვარს. ჭამა მიყვარს, ღამე, კომპიუტერთან“! – მიღიმის თინეიჯერი – „და ვაღიარებ: ვარჯიშის მერეც, რომ მეუბნები არ ჭამოო, ხშირად სახინკლეში მივდივართ ხოლმე მეგობრები…“ აღარაფერს ვამბობ თბილისელებისთვის საყვარელ ვარჯიშზე – კუს ტბაზე სირბილზე (ან საერთოდ, რა გვეშველებოდა ქართველებს, ეს კუს ტბა რომ არ გვქონდეს).
ზოგადად, კუს ტბაზე ბევრი ჩემი მეგობარი (ძირითადად, სპორტსმენი) ნამდვილად ყოველდღე ვარჯიშობს, თან მინდა აღვნიშნო – ნებისმიერ ამინდში. თუმცა, მე ამჯერად ხალხის იმ კატეგორიას მინდა შევეხო, ვინც აქ მხოლოდ იმიტომ დადის, რომ გაირუჯოს, ან იმიტომ, რომ „მოვარჯიშეს“ იმიჯი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გაიგებ, სპორტულად ჩაცმული ვარჯიშობს თუ მის ოცნების მამაკაცს ეარშიყება… ამით იმის თქმა მინდა, რომ ზემოხსენებული კატეგორიისთვის კუს ტბას სავარჯიშო ადგილზე მეტად პრანჭვის დატვირთვა უფრო აქვს.
ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ელემენტარულად, არ ვიცით, რა ჩავიცვათ დარბაზში ვარჯიშის დროს. ჩემი გაოცება წარმოიდგინეთ, როდესაც პირველ ვარჯიშზე ქალბატონი ქუსლიანი კედებით, ეგრეთ წოდებულ „იზაბელ მარანტის“ უხარისხო პატენტით დამხვდა. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი – გავოგნდი. საერთოდ, ეს ქუსლიანი კედები, გნებავთ „ბოტასები“, ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია. მაინტერესებს პირადად გავიცნო იდეის ავტორი და თვალებში კარგად ჩავხედო – ნეტავ რას ფიქრობდა, ამ სიმახინჯეს რომ ქმნიდა?! ვინ მოიგონა, რომ ქუსლით ვარჯიში მაგარია? ჩემი ნება რომ იყოს, ძალით ჩავაცმევდი ამ კედს და ასევე ძალით ვარბენინებდი.
ძალიან სასაცილოა, როდესაც ვარჯიშზე ჯინსებით მოდიან – თან ისეთი მოტკეცილით, მუხლს ნიძლავზეც რომ ვერ მოკეცავენ! აღარ მეუცხოვება არც 2 კილო ოქროთი და არც ტონა მაკიაჟით ვარჯიში.
ძირითადად, სპორტულად აღტკინებულები დადიან მაქსიმუმ ერთი თვე – იქამდე, სანამ მათ წრეში ეს მოდაშია და სანამ იქ თინი, ნინი და ანი დადიან. აბა, სიარულს მერე რაღა აზრი აქვს, თუ მათი ნაცნობი არავინ ივლის?
გადის დრო და აი, ამ ქალბატონების ინტერვიუ რომელიღაც გაზეთის „ჯანმრთელი ცხოვრების“ ბლოგში იბეჭდება. აქ ისინი რჩევებს იძლევიან, როგორ შევიყვაროთ ვარჯიში და როგორ ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების სტილით. როგორი აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა და როგორ მისდევენ ისინი სპორტს ყოველდღიურად;). საქვეყნოდ ასეთი სიცრუე, სხვა რომ არაფერი, უბრალოდ უხერხულია. მაგრამ რა გააკეთონ, თუ რუბრიკის პირველ ნაწილში თინი, ნინი და ანი ჯანსაღ ცხოვრებაზე საუბრობდნენ?.. მათზე ნაკლები რითი არიან?!
მართლა ძალიან მინდა, რომ ეს კულტურა თბილისში დაინერგოს.
მხოლოდ დიეტით ვერ გავალთ ფონს, თან ესეც იქით იყოს, უბრალოდ სირცხვილია, როცა ადამიანმა სირბილი არ იცის.
ფორმა უნდა შევინარჩუნოთ, ჯერ საკუთარი თავისთვის, მერე სხვისთვის, და კიდევ საიმისოდ, მე–4 სართულზე ფეხით ასულს გული კბილებში რომ არ მოგხვდეს.
ვიცი, მეტყვით, ჩვენ ისეთი დაკავებულები ვართ, სად გვაქვს ამდენი დროო?.. გადასარევად მესმის! მაშინ ძალიან ელემენტარულს გეტყვით: მოეშვით დიეტებს, იკვებეთ ჯანმრთელად და იარეთ ფეხით. ასევე ძალიან გამიხარდება, თუ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება აზრი, რომ ფიტნესი აუცილებელია არა იმიტომ, რომ მოდაშია, არამედ იმიტომ, რომ სწორი ცხოვრების წესია.
ეს მისასალმებელი უნდა იყოს ყველასთვის, და არა მხოლოდ „მოდურად აღტკინებული“ ნინისთვის, თინისა და ანისთვის.

კომენტარები

კომენტარი