თბილისური საღამოები ანუ მოლხენა ქართულად

თბილისური საღამოები ანუ მოლხენა ქართულად

ქართველმა კლიენტმა სერვისი ახსენა და
ჯოხი ხელში დაიჭირაო…

„ჭამა სიამოვნებაა, დიდი სიამოვნება, თუმცა ჭამის შემდეგ თავს იჩენს კარიესის საფრთხე“ _ ასე იწყებოდა რამდენიმე წლის წინ საკმაოდ პოპულარული საღეჭი რეზინის რეკლამა ტელევიზორებში. ამ რეკლამის შემქმნელებს კოჭებშივე ეტყობოდათ, რომ ცივილიზებული ქვეყნის შვილები იყვნენ, თორემ ჩვენთან, სანამ კარიესის პრობლემა დადგება, სმა-ჭამასთან დაკავშირებული იმდენი უსიამოვნო პროცესია გადასალახი, რომ კბილების უწყინარი „ჭიები“ იმათთან შედარებით რა მოსატანია.
ჩვენ გურმანი ერი ვართ, ამიტომაც ქართული საზოგადოება, მიუხედავად ხელმომჭირნე (რომ არ ვთქვათ, გაჭირვებული) ცხოვრებისა, მზადაა, გადაიხადოს ხშირ შემთხვევაში მეტად სოლიდური თანხებიც კი რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში და მიიღოს ის უდიდესი სიამოვნება, რასაც ადამის მოდგმა ერთ-ერთ უპირველეს ხორციელ სიამტკბილობათა შორის მოიაზრებს. ალბათ, დამეთანხმებით მეც და რეკლამასაც, ჭამა მართლაც დიდი სიამოვნებაა…
თუმცა, მეორე საკითხია რას გვთავაზობენ ამ მიმართულებით ქართული რესტორნები – მენიუ, გარემო, სერვისი… მოდით, შევეხოთ, ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანისთვის საკმაოდ მტკივნეულ თემას და მივყვეთ იმ ქრონოლოგიურ პროცესს, რომელიც ქართული ბარ-რესტორნების უმეტესობას, წინასწარ შეთანხმებულივით, თითქმის იდენტური აქვს.
რესტორანში (განსაკუთრებით კი ტრადიციულ ქართულ ე.წ. სახინკლეში) შესვლისთანავე გრძნობთ, რომ აქ თქვენ არავინ გელოდათ. მოღუშული ოფიციანტები ჭეშმარიტ ქართულ ყაიდაზე გხვდებიან დაუპატიჟებელ სტუმრებს – ტუჩებში გაჭირვებით გამოადნობენ _ „ცეცხლი ჭამოს თქვენმა პირმა“ _ ღიმილს და თვალებით _ „ნაცარი! ნაცარი!“ _ ბოღმით აღსავსე მიგაცილებთ დანიშნულების ადგილამდე, მოგიტანთ 5 ადამიანს 1 მენიუს და მაქსიმუმ 5 წამში დაგაცხრებათ თავზე შეკვეთის მისაღებად. თქვენ, რა თქმა უნდა, არ ხართ მზად, რაც ისედაც „დაჩაგრული, წელებზე-ფეხებდადგმული“ მიმტანის უკმაყოფილო კუთვას და რესტორნის ჭერისა და კედლების მიმართულებით მზერის ამბიციურ ტრიალს იწვევს. შეკვეთის მიღების შემდეგ, ის აუცილებლად მოდის და გეუბნებათ, რომ ლიმონათი, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ, არ აქვთ. რა თქმა უნდა, შეკვეთას ცვლით. ყოველი კერძის მოტანაზე მისი უსიამოვნოდ გამეხებული სახის დანახვაზე, რომელიც უკმაყოფილო მევალეს გამომეტყველებას უფრო გავს, ვიდრე თავაზიანი მომსახურე პერსონალის, გული გეკუმშებათ, მაგრამ არ იმჩნევთ, ეს ხომ სტანდარტია.. იმ შემთხვევაში, თუ ყველა შეკვეთილი კერძი კარგი გამოდგება და შიგნით ცელოფნის პარკსა და დაობებულ ხორცს არ აღმოაჩენთ, თქვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს, ბედნიერი ხვდებით ჩეკს, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს რამდენიმე დამატებით პროდუქტს, რომლის შეკვეთაც აზრადაც არ მოგსვლიათ, ზრდილობიანად ერკვევით საქმის ვითარებაში და აბსოლუტურად კმაყოფილი ტოვებთ ობიექტს.
ასეთია სტანდარტული გასეირნება თბილისურ რესტორანში. ძალიან ბოროტი და უსამართლო რომ არ გამოვჩნდე, აქვე აღვნიშნავ, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არასტანდარტულად კარგ გარემოს რესტორანში, როცა კერძებიც და სერვისიც შეთანხმებულად ხარისხიანი და მისაღებია, თუმცა, ვინაიდან ამჟამად ამ სფეროს მიკუთვნებულ აბსოლუტურ უმრავლესობას განვიხილავთ, თითზე ჩამოსათვლელ საუკეთესოთა გვერდის ავლით, ჩემი ზღვა პირადი გამოცდილებიდან იმ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ უსიამოვნო გასეირნებაზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ყველანაირ კრიტერიუმსა და სტანდარტს სცილდება და რომელიც, ალბათ, არასდროს დამავიწყდება.
ეს მოხდა ზაფხულის ერთ მშვენიერ, მზიან დღეს. ლანჩის დრო დამდგარიყო და მე და ჩემმა ორმა თანამშრომელმა ქალმა გადავწყვიტეთ სამსახურთან ახლოს, მეიდანზე „მაჭახელას“ ვწვეოდით. ულამაზესი ხედი, სასიამოვნო გარემო, გემრიელი კერძები, მეტი რა უნდა ინატრო? ჰოდა, წავედით.
დავიკავეთ ჩვენი ადგილი. დაახლოებით 15 წუთის ლოდინის და მიმტანებისთვის 2-ჯერ გამეორებული თხოვნის შემდეგ, რომ მოეტანათ მენიუ, მესამედ უკვე უფრო ხმამაღლა და გარკვევით დავუძახე იქვე მდგარ გოგონას და ვთხოვე, რომ ყურადღება მოექცია ჩვენთვის.
ჩემი მოულოდნელი „სითამამით“ გაოცებულმა მიმტანმა თვალები ბოროტად დააკვესა და ზუსტად ასე გამომძახა – გოგონეე, ვერ ხედავ, რამდენი ხალხიააა??? ყველას შია რა, მოიცადე და მოვა ვინმე, ვაა!…
მეხსიერება რომ აღმიდგა, აღმოვაჩინე, რომ ფეხზე წამომხტარი მაგიდებს შორის გასავლელში ვიყავი სტანდარტული ზომის სპლიყვივით (7 თვის ორსული გახლდით) გახერგილი და ოფიციანტს მთელი ემოციით მოვუწოდებდი, დაემარცხებინა სითავხედე, სასწრაფოდ ჩაექრო თვალებში ანთებული შუქნიშნის წითელი და მოეტანა ბოლოსდაბოლოს ეს საბედისწერო მენიუ. იქვე გამოვუხატე უღრმესი მადლიერება, რომ რესტორანში მშვიდად შეგვიშვა და გზად მეხი არ დაგვცა. მიმტანი, როგორც ჩანს, არ ელოდა ერთი შეხედვით თვინიერი ორსულისგან ასეთი ნეგატიური ტემპერამენტის ფრქვევას და შემცბარმა უჩუმრად მოგვიტანა მენიუ, მაშინვე და, რა თქმა უნდა, ერთი. არჩევანი აჭარულ ხაჭაპურებზე გავაკეთეთ და დავიწყეთ ლოდინი, გრძლევადიანი პერსპექტივით..
…უცბად, შიდა ფლიგელიდან მოისმა აგრესიული მინორული სისინიდან წამებში მაჟორში გადასული საშინელი გნიასი, ორ ხმაში – მამაკაცის და ქალის. ყველამ, მათ შორის ტურისტებმაც, რომლებიც არაჩვეულებრივი მდებარეობის გამო, დიდად სწყალობენ ამ რესტორანს, გავიხედეთ ხმაურის წყაროსკენ, ანუ საცხობისკენ. დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირვებია, რამდენიმე წუთში დარბაზში მეტეორივით გამოვარდა გაცეცხლებული ახალგაზრდა მცხობელი ბიჭი, რომელსაც გზადაგზა ქარიშხალივით დაატყდა თავს მაღალ პლატფორმაზე უხერხულად ამხედრებული მენეჯერი გოგონა. ბიჭმა ჩვენს თვალწინ მოიძრო მზარეულის თეთრი ჩაჩი, საკუთარი დედის მსუბუქი ყოფაქცევის პირობით ხმამაღლა გაამყარა მისი მხრიდან იქ სამუშაოდ დამბრუნებლის გარანტია, შემდეგ ჩაჩი დააგდო ძირს და ზედ ფეხებით შედგა, პარალელურად ხმამაღლა და გამოთქმით შეუთვალა თავისი სექსუალური სურვილები მენეჯერი გოგოს სანათესაოს ქალებს, ოღონდ მხოლოდ კარგებსა და კეთილებს, განსაკუთრებული სინაზითა და სექსუალური აქტივობით მოიკითხა მენეჯერის ღვიძლი დედა, თანაც რამდენჯერმე. მენეჯერმა გოგონამ, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და არანაკლები პათოსით გაუგზავნა საპასუხო მისალმება მზარეულის ახლობლებს, შემდეგ კი, სავარაუდოდ 48- ან 100-ფურცლიანი რვეული, რომელიც აქამდე ხელში ეჭირა, გაკაპასებულმა მოიქნია და ბიჭს მხარში თხლიშა. ლამის ჭკუიდან გადამცდარმა მზარეულმა მუშტი მოუღერა, ყველა დავიძაბეთ, თუმცა, ბოლოს გადაიფიქრა, კიდევ ერთხელ დამაგვირგვინებლად შეუკურთხა ახლა უკვე მთელი რესტორნის „სთაფსა“ და მენეჯმენტს და გარეთ გავარდა.
ჩამოვარდა ყველაზე უხერხული სიჩუმე. ყველას სხვადასხვა პოზაში გაშეშებოდა დანა-ჩანგლიანი ხელები და გაოგნებისგან დაჭყეტილი თვალებით ცდილობდა ნანახის გონებაში გადამუშავებს, მათ შორის, ტურისტებიც, რომლებიც ასეთი ეგზოტიკური სცენის მოწმენი, სავარაუდოდ, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად გახდნენ, ნუ, თუ კვლავ არ ჩამოვიდნენ ამ დალოცვილ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში…
დაახლოებით 30 წუთში მოგვიტანა მიმტანმა გოგონამ ნახევრად გამომცხვარი ხაჭაპურები და თქვენ წარმოიდგინეთ, ბოდიში მოგვიხადა, უკაცრავად, იცით, დღეს ჩვენი მზარეული წავიდა და ჩვენ კარგად ვერ გამოვაცხვეთო… ხაჭაპურები, რა თქმა უნდა, ხელუხლებელი დავტოვეთ, „დანახარჯი“ გადავიხადეთ და დაკრძალვიდან გამობრუნებული დადარდიანებული მგლოვიარეებივით მდუმარედ დავტოვეთ იქაურობა.

კომენტარები

კომენტარი