„ტკბილი შხამის“ ორაზროვნება არტისტულად

„ტკბილი შხამის“ ორაზროვნება არტისტულად

არტ ვილა „გარიყულა“ – საქართველოში დედაქალაქის გარეთ დაარსებული ერთ-ერთი პირველი არტრეზიდენცია თითქმის გაიგივებულია ყარამან ქუთათელაძის სახელთან. ის არის ამ ინსტიტუციის ფუძემდებელიცა და მისი მუდმივი მთავარი პერსონაჟი, საკუთარი სახასიათო შარმითა და არტისტულობით. გარიყულას მასპინძელი დიდი ხანია სხვა როლში არავის უნახავს და შესაბამისად, გასაგები ინტერესი გამოიწვია „გალა გალერეაში“ წარმოდგენილმა სოლოშოუმ სათაურით – „ტკბილი შხამი“.
პერსონალური გამოფენა ყარამან ქუთათელაძემ 22-წლიანი პაუზის შემდეგ აჩვენა და იმდენად დამაინტრიგებლად გამოჩნდა ეს სიურპრიზი, რომ დედაქალაქის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ხშირად მონახულებად არტმოვლენად იქცა.

11010568_851694834924067_4005084625771449412_n

ტერმინი „ტკბილი შხამი“, რომელიც უმეტესად კულინარიასთან ასოცირდება, ეკოლოგიურად არცთუ ჯანსაღ და ამავდროულად გარეგნულად თუ გემოთი მიმზიდველ საკვებს უკავშირდება, მთლიანად ფსიქოლოგიურ განზომილებად იქცა შვიდი დიდი ზომის არტობიექტით განსაზღვრული ექსპოზიციისთვის. საგანგებოდ შერჩეული კედლების ფერითა და განათებით შექმნილი ინტიმური ინტერიერი მეხსიერების, პერსონალური გამოცდილების, სუბიექტური მოგონებებისა და ემოციური ნოტების ნარევია, – დახვეწილი და მგრძნობიარე.
წარმოდგენილი ობიექტები ფაქტურული სტრუქტურით გამოირჩევა და „ოთახის“ განწყობას აჩვენებს თავისი ხილული თუ უხილავი კომპონენტებით. დარაბები, საწოლი, კედელი, განათება, სიმბოლური „კრისტალი“ – წარმოდგენილი ექსპოზიციის განმსაზღვრელი მოტივები იყო, რომლებიც აბსტრაქტულ კომპოზიციებში განვითარდა დღე-ღამის მონაცვლეობისა თუ პირადული-ზოგადის შერეული განცდებით. პოლუსურად განლაგებული ორი ობიექტი – ლურჯი და ნარინჯისფერი, ტონალობებით, მედიტაციური განყენებულობით და პოეტური მგრძნობელობით იყო გამორჩეული. აქ დომინანტური ფერებით ხდებოდა კომპოზიციის ორგანიზება, სადაც შტრიხული და წერტილოვანი სხვა ფერის ჩანართები ძირითადი ფერების მოცულობითობასა და სიღრმეს განსაზღვრავდნენ. ფერებთან განსხვავებული მიდგომით იყო შესრულებული საწოლი, ფაქტურულ-მოცულობითი ზეწრების ნაწილით და მის მოპირდაპირე მხარეს, კედელზე დამონტაჟებული „ოდნავ შემოღებული“ დარაბები, ღიობებში ზოლებად შემოჭრილი სინათლით. აქ ნახევარტონების თავშეკავებულობა და „დახშული“ ექსპრესია ფიგურირებდა. განსაკუთრებულად ექსპრესიული კი მესამე „წყვილი“ იყო, – ასამბლაჟი ანსელმ კიფერის ხნულების ასოციაციით აგებული აბსტრაქტული ზედაპირითა და კრისტალით. ასევე, მის მოპირდაპირე მხარეს მოცემული აბსტრაქცია მზის ნათების გრაფიკულ-არქიტექტურული ტრანსფორმაციით. „ტკბილი შხამის“ კონცეფტი ყარამან ქუთათელაძის პროექტში მთლიანად ფსიქოლოგიურ-ემოციურ სივრცეში იყო განხილული – მატერიალურისა და ეფემერულის თავისებური, სუბიექტური განცდით.

კომენტარები

კომენტარი