ტკივილის მახეში

ტკივილის მახეში

საქართველოში ნარკოდამოკიდებული ქალი მსჯავრდებულების ჯანმრთელობის უფლებები წლების განმავლობაში ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად საუბრობს ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური სერვისების გაფართოვებაზე, ქალთა სპეციალური დაწესებულება ამ დაპირებების მიღმა რჩება. საზოგადოების ზემკაცრი განწყობის და სტიგმის გარდა, რომელიც ქალ წამალდამოკიდებულებს დისკრიმინაციის ორმაგ ქარ-ცეცხლში ხვევს, მათთვის ხელმიუწვდომელია ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისები. საქართველოში ერთადერთი ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულიად არადაპტირებულია ნარკოლოგიური პრობლემების მქონეთათის.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 10 372 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 281 ქალი იყო. 33 წლის ელენე ნ. ერთ-ერთაგანია, რომელმაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორჯერ მოიხადა სასჯელი. ის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. ელენე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ბენეფიციარია. ამჟამად მეტადონის პროგრამაშიცაა ჩართული და უახლოეს მომავალში სამსახურის დაწყებასაც გეგმავს, თუმცა ნასამართლეობა ხელს უშლის დასაქმებაში. ელენე პირველად 2006 წელს დააკავეს.

„მშობლები ექიმები მყავს, რამდენიმე ენა ვიცი, მეუღლე და ბავშვი ძალიან მიყვარს… ნარკოტიკებს ახალგაზრდობიდან მოვიხმარ. დღემდე არ ვკარგავ იმის იმედს, რომ ოდესმე ბოლომდე მივხედავ თავს და დამოკიდებულებისგან განვიკურნები… რაც შეეხება ჩემს პირველ დაკავებას, მისი გახსენება არ მინდა. დაკავებიდან რამდენიმე დღეში საშინელი „ლომკა“ დამეწყო. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, კედლებზე გავდიოდი, რამდენიმე ღამე გადაბმულად არ მეძინა. მაშინდელ ციხეში ბევრი წამალდამოკიდებული ქალი იტანჯებოდა. ჩვენთვის არანაირი პრეპარატი არ არსებობდა. ექიმიც ვერაფერს გვშველიდა. მახსოვს, ბევრ დიაზეპამს მიკეთებდნენ, მაგრამ ვერც ის მთიშავდა, რადგან ოპიოდების საკმაოდ დიდ დოზას ვიყავი ჩვეული. აშკარად ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას ვსაჭიროებდი…“ – ჰყვება ელენე.

2008 წელს, როდესაც ელენე ჯერ ისევ პატიმრობაში იმყოფებოდა, ხელისუფლებამ საუბარი დაიწყო ციხეებში მეტადონის პროგრამის ამუშავებაზე. ბევრს ჩანაცვლებითი თერაპიის იმედი გაუჩნდა.
2008 წლის დასაწყისში ჯადაცვის სამინისტროების მესვეურებმა პარლამენტის წევრებთან ერთად მე-8 საპყრობილეში მეტადონის ჩანაცვლების საპილოტე პროგრამა ჩაუშვეს. მასში 50-მდე ნარკოტიკების მომხმარებელი მამაკაცი მსჯავრდებული ჩაერთო. პროგრამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც კი მოეწყო.იმდროინდელმა მთავრობამ განაცხადა, უახლოეს მომავალში პროგრამას გავაფართოვებთო. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ისევე როგორც გისოსებს მიღმა, ჩანაცვლების პროგრამის დამფინანსებელი „გლობალური ფონდი“ იყო.

ელენე იხსნებს, რომ მეტადონის პროგრამის დასაწყებად ქალთა დაწესებულებაში ხათუნა თოდაძე მისულა, მაგრამ იმ პერიოდში სულ სხვა თემასთან დაკავშირებით ქალებს საპროტესტო შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული და მეტადონის ამბავი მეორე პლანზე გადავიდა.

„ამჟამად მეტადონის მიღება ქალ პატიმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ დაკავებამდე იყვნენ პროგრამის წევრები. ასეთი ქალები კი ცოტანი არიან. მათ, ვისაც ამ მხრივ „გაუმართლა“, ყოველდღიურად ციხის „ვარონკაში“ ათავსებენ და მე-8ე დაწესებულებაში გადაჰყავთ. იქ ასმევენ მეტადონს და სწრაფი დეტოქსით „აგდებინებენ“. კაცებიც ძალიან წვალობენ და ქალებიც, რადგან დეტოქსი დაჩქარებული ტემპით ხდება,“ – გვიხსნის ელენე.

2014 წლის წლის სახალხო დამცველის ანგარიშში მითეთებულია, რომ „ჯანმრთელობის უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ჯანდაცვას, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის ხელშეწყობას და ზოგადი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, კვების, სანიტარული პირობების, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის, ციხეში მიზნობრივი პრევენციული ღონისძიებების გატარებას კონკრეტული პათოლოგიების კუთხით, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, წამალზე დამოკიდებულება და ძალადობა“. სახალხო დამცველის ეს კონკრეტული რეკომენდაცია დიდად არ განსხვავდება გასული წლების რეკომენდაციებისგან, თუმცა, ამ მიმართულებით არაფერი იცვლება.

***
მეტადონის პროგრამის გაფართოვების მოწინააღმდეგენი ხშირად იმით აპელირებენ, რომ ნარკოლოგიური განყოფილებების გახსნა იქ, სადაც ბევრი „მომხმარებელი“ (პაციენტი) არ ეყოლება, ხარჯიანია. ასეთი მოსაზრებისაა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე. როგორც ჩანს, ქალთა ციხეში ამ პროგრამის გახსნა სახელმწიფოსთვის „ნაკლებად მომგებიანია“.
გასული წლების კვლევები ადასტურებს, რომ ქალთა სოლიდური ნაწილი საქართველოში სწორედ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან სხვა ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს (ციხეში ქალთა ამ კატეგორიის სიმრავლეს ხელი შეუწყო ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებამ და მკაცრმა კანონმდებლობმ). ერთ-ერთი კვლევით (ორგანიზაცია „Harm Reduction International“), 2013 წლის მაისში, იმ დროინდელი ამნისტიის პირობებშიც კი, ქალების 29%-ი სასჯელს სწორედ ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა.

წლების განმავლობაში ქალთა საპატიმროში წამალდამოკიდებულებასთან გამკლავების ერთადერთ „გამონათებად“ შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე წლის წინანდელი ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ქალთა კლუბმა – „პეონმა“ საცდელად განახორციელა („12-ნაბიჯის“ პრინციპით).

ნარკოლოგი თათა ასათიანი დარწმუნებულია, რომ პენიტენციურ სისტემაში – კაცთა და ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, აუცილებელია მეტადონის პროგრამის არსებობა.
„როდესაც ადამიანი ოპიოიდებზეა დამოკიდებული და დაკავების გამო იძულებით წყვეტს მათ მიღებას, ადგილი აქვს აღკვეთის მდგომარეობის – „ლომკის“ განვითარებას. ამ მდგომარეობაში მძიმე გართულებების საშიშროება არსებობს. ეს შეიძლება იყოს ორგანული და ძალიან ძლიერი ფსიქიკური გართულებები, დამაინვალიდებელი ან ლეტალური შედეგით. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ოპიოდური აღკვეთის მდგომარეობის უმტკივნეულოდ გადატანას,“ – ამბობს თათა ასათიანი.

ნარკოლოგი ამბობს, რომ იძულებით იზოლაციაში მედიკამენტების გარეშე აღკვეთის სინდრომის გადატანა წამების ტოლფასია. ადამიანი შფოთავს, აწუხებს უძილობა და სისუსტე, დეპრესიის ფონზე აქვს სუიციდის მცდელობები. „ნებისმიერ ადამიანის, მითუმეტეს ქალის, რომელიც უფრო მოწყვლადია ფსიქოაქტიური პრეპარატების მიმართ, მკურნალობის გარეშე დატოვება არაფრით შეიძლება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ისეთი სამედიცინო სერვისის ქონა, რომელიც ამ მდგომარეობის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაატანინებს. ამ მხრივ მეტადონი-დეტოქსიკაცია ყველაზე ეფექტიანი პროგრამაა. მეტადონი ჩანაცვლებითი თერაპიისთვის უნივერსალური პრეპარატია. მას აქვს ფართო თერაპიული დერაფანი, „ლომკის“ შემაჩერებელ და მაეფორილიზებელ ეფექტს შორის დიდი დიაპაზონით. ის ასტაბილურებს პაციენტის ფსიქოსომატურ მდგომარეობას, უქვეითებს ლტოლვას ნარკოტიკების მიმართ“.

ყოფილი პატიმარი და წამალდამოკიდებული ელენე ყვება, რომ ციხეში ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა ყველას საკუთარი ფიზიკური და სულიერი რესურსის ხარჯზე გადააქვს. ვინც შედარებით ახალგაზრდაა, ოდნავ უიოლდება. „ჩემს თვალწინ ერთ-ერთ ასაკოვან ქალმა გულის შეტევა მიიღო. ხშირად „ლომკის“ გამო „სასწრაფო დახმარებასაც“ იძახებენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ აბსტინენციის მოხსნას გამაყუჩებლები არ შველის.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რუქაზე საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კი არასამთავრობო სექტორს წლების განმავლობაში უწევს ბრძოლა.

სავარაუდოდ, უხლოეს მომავალში სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების თანახმად, ნარკოდამოკიდებულთა პატიმრობის ვადა შემცირდება. თუმცა რამდენად დიდი შეღვათი იქნება ეს ქვეყნისათვის, რომელსაც 45 ათასი ოპიოდებზე დამოკიდებული ნარკოდამოკიდებული ჰყავს, რთული სათქმელია. ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში არ განიხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის ჭრილში.
მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი არცთუ მცირეა, ქვეყანაში არც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები იხსნება და არც ზიანის შემცირების პროგრამებზე კეთდება აქცენტი. ამავდროულად, აღსანიშნავია პენიტენციური ჯანდაცვის დაფინანსების ყოველწლიური მატება. 2014 წლისათვის ის 15 466 000 ლარს შეადგენდა.

***
საერთაშორისო ექსპერტი, წამალდამოკიდებულთა უფლებების დამცველი, აქტივისტი ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების სფეროში და საქართველოს ხშირი სტუმარი უკრაინელი ოლგა ბელიაევას შეფასებით, აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპიის არეალის გაფართოვება.
„თითოეული პაციენტის გამოცდილება ერთგვარი ექსპერიზაა. თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ციხეშია ის თუ ციხის გარეთ. და რას ვხედავთ? ერთი მხრივ – დაავადებების კლასიფიკაციათა ჩამონათვალში აღწერილ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური აშლილობის განმარტებას, მეორეს მხრივ აბსტინენციის გახშირებულ შემთხვევებს, რომელსაც საზოგადოება არ მიიჩნევს სამედიცინო ტკივილად. ექიმები ვერ აყუჩებენ ასეთ ტკივილს, წამალდამოკიდებულ ადამიანებს სხვაგვარი მკურნალობა სჭირდებათ“.

ნარკოტიკების მოხმარების ბრალით მეორედ ელენე 2014 წელს დააკავეს. სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია აღმოაჩნდათ – თითქოსდა ელენეს და მის მეგობარს დიდი ოდენობით ჰქონდათ ნარკოტიკი.

„რადგან პოლიციას შეცდომის აღიარება არ სურდა, ჩხრეკის დროს მცირე ოდენობის ნარკოტიკი ჩამიდო. წაგვიყვანეს საავადმყოფოში და ისტერიულად გვიკეთებდნენ ოყნას ისე, რომ ცალ-ცალკე არც გავუყვანივართ. გადაწყვიტეს, რომ ნაწლავში გვგქონდა რაღაც და უნდოდათ ისეთი მეთოდი გამოეყენებინათ, რაც ფიზიკურად საკმაოდ შეურაცხმყოფელი და მტკივნეული იყო. თვითონ ექიმებიც კი გამოგვექომაგნენ და არადამიანური მეთოდის ნაცვლად, ექოსკოპირება მოითხოვა. მერე რეანიმაციაში დამაწვინეს. ხუთ კაცს ვყავდი გაკავებული – ფეხში რაღაც სითხე შეჰყავდათ, რომ გული ამრეოდა და რამე მაინც ეპოვათ… ეს ფეხი დღემდე მაწუხებს. შემდეგ „კაპეზეში“ გადამიყვანეს, იქედან ციხეში და ისევ ჯოჯოხეთის მეორე წრეზე წავედი. ისეთი „ლომკა“ მქონდა, გონებას ვკარგავდი. ბოლომდე რომ მივსუსტდი, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მოთხოვნით, ერთ-ერთი ცნობილი ნარკოლოგი გამოიძახეს, რომელმაც იბრძოლა ჩემი ციხიდან გაყვანაზე და სწრაფი დეტოქსით ფაქტობრივად სიკვდილს გამომგლიჯა…“

სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ „წამალდამოკიდებული პირების აბსტინენციის მდგომარეობის მართვა დროებით მოთავსების იზოლატორებში პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და გლობალურმა ფონდმა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები, რათა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულ დაკავებულ პირებს გაეწიოთ შესაბამისი დახმარება. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით“.

პენიტენციური ჯანდაცვის რეფორის დადებითი მხარეების გარდა (სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოსა გახსნა, ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის განახლება, C ჰეპატიტის პროგრამა), პრობლემები მაინც ბევრია, განსაკუთრებით პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვასთან სრული ინტეგრაციის მიმართულებით. პენიტენციური ჯანდაცვის სისტემისთვის კვლავ განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება სუიციდის პრევენცია, წამალდამოკიდებულებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ჭარბი მოხმარების პრობლემა, ასევე ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრებისათვის დროული და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენა. 2014 წელს გარდაიცვალა 27 პატიმარი, დაფიქსირდა სუიციდს 7 ფაქტი. პატიმართა გარდაცვალების შემთხვევების ანალიზი წარმოშობს გონივრულ ეჭვს გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხში.

„ერთ ადამიანსაც რომ ჰქონდეს წამალდამოკიდებულების პრობლემა, მისი ჯანრთელობის უფლება მაინც არ უნდა ილახებოდეს. თერაპიული დახმარების მიღების უფლება ყველას აქვს, თუნდაც ის ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი იყოს. რატომ უნდა ცხოვრობდეს ეს პატიმრობაში წლების განმავლობაში ლტოლვით, რომელიც ფიზიკურად ტანჯავს? რატომ უნდა ჰქონდეს ერთი სული გავიდეს ციხიდან და უფრო მეტი ნარკოტიკი მოიხმაროს დაკარგული წლების ანაზღაურებისთვის? პაციენტთა გარკვეული კონტიგენტისთვის, რომელიც არ არის მზად ფხიზლად ცხოვრებისთვის, საუკეთესო იქნებოდა ჩანაცვლებითი თერაპიის შეთავაზება,“ – აცხადებს ნარკოლოგი თათა ასათიანი.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საზოგადოება ცდილობს თავისებურად გაუმკლავდეს მსგავს ჯანდაცვით გამოწვევებს. ერთ-ერთ მარტივ მაგალითად შეგვიძლია აფრიკის პატარა სახელმწიფო – მავრიკია მოვიყვანოთ, სადაც ზიანის შემცირების ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები 2006 წლიდან მუშაობს. სწორედ მავრიკიაში, ქალაქ როზ-ჰილში მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი თავისუფლების აღმკვეთი ადგილი. ამ საპატიმროში ჩანაცვლებითი თერაპიას უამრავი პატიმარი გადის. ასეთი მიდგომა სრულად ასახავს სახელმწიფოს ჰუმანურ დამოკიდებულებას წამალდამოკიდებულ პირთა მიმართ.

„სამართლიანად თუ უსამართლოდ, სასჯელს იხდი – ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჯანდაცვა ვალდებულია ხელი შეგიწყოს იმაში, რომ ციხიდან გამოსულს ფსიქიკური პრობლემები არ გქონდეს, რათა სწრაფად დაუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას, – ამბობს ელენე – მოვა დრო და სახელმწიფო აღიარებს ამ ადამიანთა წამებას“.

კომენტარები

კომენტარი