წიგნის ნაგვად მქცეველთა სია

წიგნის ნაგვად მქცეველთა სია

ხოლო წიგნის ნაგვად ქცევა შეუძლია –
მკითხველს, რომლისთვისაც ის თავის დროზე თაროზე შემოსადები რამ ნივთი ან დროებითი საჭიროება (ე.წ. სკოლის მოძველებული წიგნები, საბუღალტრო დავთრების კრებული) ან მართლა უვარგისი საგანი (შინ შემთხვევით ნანახი უფის კოლმეურნეობის სხდომების ასლები, მანდარინის უხვ მოსავალზე დაწერილი ლექსების კრებული და ა.შ.) იყო. ხან, გამოგიტყდებით და უკიდურესი საჭიროების გამოც ხდება ეს ამბავი – ოთხმოცდაათიანებში, ხელსაწმენდს ქაღალდად რა უჭირს და ბევრმა წიგნმა საპირფარეშოებში განუტევა სული. ცეცხლსაც ანთებდა ბევრი ღუმელში.
ცეცხლზე გამახსენდა, და ხელისუფალს, რომლისთვისაც ის საშიში და საკუთარ ფეხმოკლე სკამს შედგმული სადგარია, რომ გამოუშალო, წაიქცევა. რომელიც კეტავს, ალპობს, წვავს. ინკვიზიციას ეს საქმე თავის დროზე დიდად გათავისებული ჰქონდა – უკანასკნელი წიგნი ამ ეგიდით დაწვეს 1826 წელს. მერე ფერფლად და ნაგვად აქციეს გერმანელი ავტორების წიგნებიც – 1933 წელს, ნაცისტების მოწყობილი განთქმული აუტოდაფე. ასეთი საქმეები საქართველოშიც გვიქნია – მათ შორის, არც ისე შორეულ წარსულში, მაგრამ ახლა ნუ გავიხსენებთ – დავინდოთ ცოტა თავი. ტრიუფოს „ფარენჰეიტის“ ნახვაც შეიძლება ამ წრის შესაკრავად.
საზოგადოებას, რომელიც კარგა ხანია შეთანხმდა, რომ არსებობს წიგნთა სასაფლაოც, სახელად მაკულატურის საწყობი. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო კულტურულ განაგვებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ითქვას, უფრო გარდაცვალებასთან, სხვა საგნად განივთებასთან თუ როგორცაა, მაგრამ მაინც.
და რაც მთავარია, მწერალს. და რაც მთავარია, ყველასგან განსხვავებულად – ქირურგიული ჩარევის გარეშე. ადგება და დაწერს ცუდ წიგნს. ძალიან ცუდ წიგნს. ვთქვათ პირდაპირ – ნაგავს. მოვლენ ახლა სხვა ლოგიკის დამცველნი და მეტყვიან, რას ერჩი? კაცს ხომ არ კლავს – წერსო. მერე რომ ვუპასუხო, გონებას გვინაგვიანებსო, მომიგებენ – რა პათეტიკააო. შენც კიდევ ნუ წაიკითხავო და ა.შ. და ა.შ. მოპასუხეებს რა დალევს. მაგრამ მე მაინც მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ მწერალს შეუძლია ნაგვის დაწერა და შემოპარებაც კი. ნაგავი ხომ გადამდები რამაა, თანაც – თუ არ გამოგავე.
ნუ გავანაგვებთ წიგნს. ისედაც რთულ დროშია.

კომენტარები

კომენტარი