უჰაერო პოლიტიკა

უჰაერო პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, ისინი დედამიწის მხოლოდ 2%-ს იკავებენ. ჩვენც ქალაქელები ვართ, მაშასადამე, მსოფლიო მოსახლეობის იმ ნახევარს შევადგენთ, რომელზეც მოხმარებული ბუნებრივი რესურსების სამი მეოთხედი მოდის. ბუნებრივ რესურსებში ჰაერიც მოიაზრება – ის, რისი ყიდვა არა მხოლოდ ქალაქში, სოფელშიც შეუძლებელია. დაბინძურებული ჰაერი ნაკლებად ხილვადია, თუმცა ჰაერისდამი უდიერი მიდგომა ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება – გახშირებული დაავადებებისა და უმართავი ურბანიზმის სახით, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს ქალაქიდან შორს, „სადმე სიმწვანეში“ გვდევნის.
შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ საქართველოს ჰაერდაცვითი საქმიანობის სახელმწიფო პოლიტიკაც კი აქვს შემუშავებული. მისი მიზანი ატმოსფერული ჰაერისთვის იმ ხარისხის დაბრუნება, შენარჩუნება და გაუმჯობესებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსთვის უსაფრთხო იქნება. ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის ეს საკმაოდ ძნელი ამოცანაა – ჰაერში შემავალი დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დასაშვები კონცენტრაციის ზღვარს აღემატება და როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, თბილისშიც ეს მომრავლებულ სატრანსპორტო საშუალებებს უკავშირდება.
როგორია თბილისის ჰაერი? მის ზუსტ ხარისხთან დაკავშირებით, ბევრი რამ სპეციალისტებისთვის უცნობია – ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა საქართველოში მოძველებული და შეზღუდულია. დღემდე ჰაერის ხარისხის განსაზღვრელი ე.წ. ზდკ-ს (ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია) მაჩვენებელი საბჭოურ და არა საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება. საერთაშორისო სტანდარტით, 10 ათას ადამიანზე ჰაერის დაბინძურების განმსაზღვრელი ერთი ჯიხური უნდა მოდიოდეს, ანუ ამ სტანდარტით, თბილისში სულ ცოტა 8 ჯიხური უნდა იყოს, რაც, ცხადია, ასე არ არის.
მიუხედავად ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში დროდადრო ჰაერში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა მტვრის, აზოტის, გოგირდისა და ნახშირჟანგის კოქტეილის შემცველობით განისაზღვრება. ატმოსფერულ ჰაერს, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც (რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ზესტაფონი) იკვლევენ. კვლევები ცხადყოფს, რომ ჰაერის ხარისხი არ შეესაბამება ეროვნულ სტანდარტს იქ, სადაც გაცხოველებული სატრანსპორტო მოძრაობაა, განსაკუთრებით – ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე. საქართველოში ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 75% ავტოტრანსპორტის „დამსახურებაა“.
2013 წელს ჩატარებული ანალიზების მიხედვით, თბილისში გაზომვების 63%-მა ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტი დააფიქსირა, 14%-მა – ნახშირჟანგის ჭარბი ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია, 0,4%-მა – აზოტის დიოქსიდის.
ჯერჯერობით, თბილისში ყველაზე სუფთა ჰაერი ვაშლიჯვარშია. ამის მიზეზი ის არის, რომ აქ არც ავტომაგისტრალები გადის და არც დიდი საწარმოებია. ჰაერის სისუფთავით გამოირჩევა ვარკეთილისა და გლდანის ზედა მხარე, ასევე – თემქის დასახლება. ქართველი სპეციალისტების ამბობენ, რომ ჰაერი შედარებით უკეთ ნიავდება სანაპიროს მხარეს, თუმცა მის გასწვრივ მიმდინარე მშენებლობებმა შესაძლოა ბუნებრივი ვენტილაციის სისტემები მოშალოს. თბილისში ცუდად ნიავდება აღმაშენებლის გამზირი.
ავტოტრანსპორტით დაბინძურებული ჰაერის თემა ხშირად ფიგურირებს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების ანგარიშებში. მაგალითად, დოკუმენტში „თბილისში ათასწლეულის განვითარების მიზნები“, რომელიც თბილისის მერიამ 2007 წელს შეიმუშავა, აღნიშნულია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა აუცილებლად დარეგულირდება. თბილისში სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესება შესული იყო გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის (2012-2016 წწ) დოკუმენტშიც.
პირველი გარემოსდაცვითი ეროვნული პროგრამაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან დაბინძურების პრობლემას ერთ-ერთ გარემოსდაცვით პრიორიტეტად განიხილავდა, თუმცა ამ მიმართულებით არცერთი ღონისძიება არ განხორციელებულა – არ მომხდარა არსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების საშუალო ასაკის შემცირება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, მკაცრი ნორმების დაწესება სატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე გამონაბოლქვზე და ამ ნორმების პრაქტიკულად განხორციელება.
საქართველოში არ გამოიყენება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების განსაზღვრის მიდგომები გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემისას. არ გამოიყენება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებზე გადასახადი, საწვავზე გადასახადი მავნე ნივთიერებების შემცველობის მიხედვით და სხვ.
თბილისის ქუჩები გადატვირთულია ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით. 2012 წლის მონაცემებით, ქვეყანაში იმპორტირებული მეორადი ავტომანქანების 44% 20 წელზე მეტი ხნისაა, 22% – 11-15 წლის, 6% – 6-10 წლის, 3% – 5 წლამდე ასაკის. ავტომანქანების უმეტესობა კატალიზატორის გარეშეა. ეს კი თითქმის ათჯერ ზრდის გამონაბოლქვის ოდენობას. გარდა ამისა, პრობლემაა საწვავის ხარისხი.
ცნობილია, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტი ტექდათვალიერებას 2004 წლიდან აღარ გადის. სავალდებულო ტექდათვალიერება ძალაში მხოლოდ 2017 წელს შევა.
ვიდრე კანონმდებლები ატმოსფეროს თემას გულგრილად უყურებენ, დიდი შანსია საქართველო დაბინძურებული ჰაერით პროვოცირებული დაავადებების კერად იქცეს. ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაბინძურებული ჰაერი 2 მლნ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს (სასუნთქი სისტემის, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ალერგიები და ფილტვის კიბო). განსაკუთრებით მაღალ რისკჯგუფს ბავშვები, ხანდაზმულები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან.

კომენტარები

კომენტარი