ვიყოთ უკეთესები

ვიყოთ უკეთესები

წინასაახალწლო ციებ-ცხელება ემოციურად ყველაზე დატვირთული პრელუდიაა. ვიდრე საათის ორივე ისარი თორმეტთან არ გასწორდება, ვიდრე საცივით სავსე ქვაბი ფანჯრის რაფაზე არ დაიდგმება, თონის პურები კი პირსახოცებში არ შეიფუთება, რომ არ ჩაცომდეს, ვიდრე ხელოვნურწიწვებიან ნაძვზე ასხმული ყველა ნათურა ბავშვების გასახარად ფერადად არ აკაშკაშდება, ვიდრე არ გამოცხადდება, რომ 31 დეკემბრის ღამეს მეტროპოლიტენი გვიანობამდე იმუშავებს, ვიდრე მობილური კავშირი არ გადაიტვირთება და შორეული ნათესაობა წინასწარ არ ატეხს ესემესმილოცვებს, ვიდრე სურნელოვან ციტრუსებს არ იყიდი და ხმაურიან ჩინურ ფოერვერკებსაც ზედ არ მიაყოლებ, ვიდრე საჩუქრებს არ მოიმარაგებ შენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას არ გასძახებ: „ჩემგან რამე ხომ არ გჭირდება კიდევ“, ვიდრე TV-თი „ბედის ირონიას“ ასმეათასედ არ ნახავ, ვიდრე ერთი-ორ სიგიჟემდე ესთეტიკურ ბრჭყვიალა მოსართავს არ იყიდი ნაძვისხისათვის, ვიდრე არ დაგეგმავ, როგორ გაატარებ პირველ იანვარს და ერთხელაც არ გადაამოწმებ, რომელიღაც უჯრა ხომ არ დაგრჩა დასალაგებელი, ვიდრე შუშხუნა შამპანურით პირსავსე ფუჟერს არ ააწკარუნებ, პრეზიდენტის ტრადიციულ საახალწლო გამოსვლას ქილიკით არ დააკომენტარებ და 2014 წელს კეთილი სიტყვით არ გააცილებ, 2015 წელი არ დადგება, უფრო სწორად, მისი დადგომის მთელ სიდიადეს ვერ გაითავისებ.
ყოველი ახალი წელი ახალი იმედები და პერსპექტივებია, ახალი განცდები და შთაბეჭდილებები. ასე იყო მაშინაც, როდესაც დავიბადეთ, ასე იყო უზრუნველ ოთხმოციანებში, ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როდესაც ნელ-ნელა მაღაზიების თაროებზე არა მხოლოდ თეთრი პური გაქრა, არამედ შავი შოკოლადის თურქული ვერსიები გამოჩნდა, ჩვენმა მშობლებმა კი ბოლოსდაბოლოს გააცნობიერეს – ისინი აღარასოდეს იცხოვრებდნენ საბჭოთა კავშირში. გააცნობიერეს, რომ ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა, ისევე როგორც სიყვარული, რომლის დეფიციტი მშობლებიანი შვილების უმეტესობას არასოდეს გვიგრძვნია.
მართლაც ძალიან უცნაურია, რომ ადამიანს ბედნიერებისათვის ცოტა რამ სჭირდება. საახალწლო განწყობის შესაქმნელად საკმარისია მოთოვოს. მერე რა, რომ თბილისში თოვლი ისეთივე სისწრაფით დნება, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებში გახლართულ ნიუ-იორკში. სამაგიეროდ, საშობაო განწყობა პლანეტის ყველა კონტინენტის ყველა ქალაქში ერთნაირად მაღალ გრადუსს აღწევს, როდესაც თოვს.
ასაკი რაც უფრო გვემატება, მით მეტად ფერმკრთალდება ის ბავშვური ბედნიერება, რომელიც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე პულსს გვიჩქარებდა და არ გვასვენებდა. ახალი წლის მეორე დღეს ტარხუნას ლიმონათით მუცელდაბერილებს მეზობლები ჯიბეში გვიტენიდნენ ჩურჩხელებს და კანფეტებს. მათ გულუხვად ვუცვლიდით ჩვენს მეგობრებს მანამდე, სანამ ყველაზე გემრიელგულიანი კანფეტი არ ჩაგვივარდებოდა ხელთ. აუ, რა კარგი იყო! მე ჩემი უკრაინული ახალი წლებიც მახსოვს. ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ პატარა ქალაქ ზაპოროჟიეში დავიბადე და იქ ყველაზე ბედნიერი ქართველი ბავშვი ვიყავი. ქალაქს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროდ მდინარე დნეპრი ჰყოფდა. დნეპრზე ჩემი უფროსი ბიძაშვილი სათევზაოდ დადიოდა, მე კი წყალში შეჭრილ ქვებში ნაცრისფერ კიბორჩხალებს ვზვერავდი.
2014 წელს უკრაინა საქართველოსთვის ერთ დიდ ტკივილად იქცა. ამ გულმხურვალე ხალხთან დღესაც სოლიდარულები ვართ. ყოველდღიურად ვეცნობით მათ ახალ ამბებს. ის ქართველობა, ვინც დიდი ხნის წინ უარი თქვა ტელევიზორის ყურებაზე, მოვლენებს თვალს სოციალური ქსელით ადევნებდა. შესანიშნავი ქვეყანა უკრაინა უკვე თვეებია ფინანსურ ბლოკადაში და ომშია. დაწყებული ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირებით, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ჯერ არ დასრულებულა.
ჩემი სისხლით ნათესავები ახლაც ალმოდებულ უკრაინაში ცხოვრობენ. მათ „სკაიპით“ ხშირად ვეხმიანებით. საპასუხოდ ჩვენს სატკივარს ვუყვებით, თითქოსდა გვინდა ამით დავამშვიდოთ. ვუყვებით ქალთა გახშირებულ მკვლელობებზე საქართველოში. მოკლულთა რაოდენობამ წელს ოცს გადააჭარბა. სხვადასხვა ფორმით ქალებზე ძალადობა სხვა წლებშიც ხორციელდებოდა. თუმცა მკვლელობების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების გასაპროტესტებლად მასობრივი აქციები არ ჩატარებულა. ამ მიმართულებით განხორციელებული ასობით პროექტი კი, როგორც ჩანს, შეიძლებოდა უფრო ეფექტიანიც ყოფილიყო.
ჩემი უკრაინელი დედა თავის დას იმაზე უყვება, თუ როგორ გადავიდა ჯანდაცვის სისტემა „რეცეპტის კულტურაზე“, რის გამოც აფთიაქში წამალი ვერ უყიდია და ახლა იძულებულია სულ თერაპევტთან იაროს, რომელიც, სინამდვილეში, არც ინტერესდება მისი ჯანმრთელობით და მხოლოდ რეცეპტების წერითაა დაკავებული. საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ხრიკი – სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც „რეცეპტის კულტურით“ შეიფუთა. მართალია, წამლების უკონტროლო გამოყენებდა უმნიშვნელოდ შემცირდა, მაგრამ ბევრ ხანდაზმულს, რომელსაც გადაადგილებაც კი უჭირდა, მორიგი თავისტკივილი გაუჩნდა.
მე მინდა მშობლები ჩემს უკრაინელ ნათესაობას საქართველოში მომხდარ პოზიტიურ ცვლილებებზე და არა გაუფასურებულ ლარზე უყვებოდნენ.
მინდა უფუთავდნენ სასაჩუქრო ამანათებს და არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ თუ მათ სამშობლოში სიტუაცია არ დალაგდა, შესაძლოა იმავე ამანათით პროდუქტების გაგზავნა მოუწიოთ.
მინდა უყვებოდნენ ერთმანეთს შვილიშვილების წარმატებაზე და არა იმაზე, რომ საქართველოში რთულია სწავლის გადასახადის დაფარვა, უკრაინაში კი სულ იმის მოლოდინში ყოფნა, რომ მათ ბავშვებს საომრად გაიწვევენ.
საქართველოში 174 ათასი მომხმარებელი ფიქსირდება, რომელიც სოციალურ ქსელს APPLE-ის „აიფონით“ უკავშირდება. მსგავსი მონაცემები ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. მსგავსი მონაცემებისა და არა მხოლოდ მათ გამო, ორიოდე წელიწადში საქართველოს გლობალური ფონდი დატოვებს. აქამდე იგი ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად და სამკურნალოდ მილიონებს გვაძლევდა. ჩვენ კი კვლავ დავრჩებით ქვეყანაში, კერძოდ, ქალაქ თბილისში, სადაც უკვე ათასობით ე.წ. „ჯიპი“ მოძრაობს და ამავდროულად, Walk Free ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, 16 100 ადამიანი (!) მონურ პირობებში ცხოვრობს. ტერმინი „თანამედროვე მონობა“ მოიცავს ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმას: ადამიანებით ვაჭრობას, სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას, იძულებით ქორწინებას, ბავშვთა ექსპლუატაციას, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას.
რასაკვირველია, 2014 წელი ცუდი არ იყო და შეგვიძლია კერძო გამარჯვებებიც მოვიგონოთ, მაგრამ… 2015 წლის დადგომამდე ხუთი წუთით ადრე, პირადად მხოლოდ ერთ სურვილს ჩავიფიქრებ: ვიყოთ უკეთესები.

კომენტარები

კომენტარი