ზღაპრული იორდანიის მარადიული მზე, ზღვა და იდუმალი უდაბნო

ზღაპრული იორდანიის მარადიული მზე, ზღვა და იდუმალი უდაბნო

იორდანია – მიწა, სადაც ვითარდებოდა ბიბლიური მოვლენები, სადაც პირველად გამოეცხადა ღმერთი ადამიანს. სწორედ იორდანიის გავლით გადაიყვანა მოსემ ხალხი ეგვიპტიდან ისრაელში და სწორედ აქ მისცა მათ “ღვთის კანონი”. იორდანიაში მოინათლა და მოღვაწეობდა იესო, ამ მიწაზე იქნა მოვლენილი წმინდა სამება.
იორდანიაში მოგზაურობის ოცნება “ინტერკონტინენტალის” ინფოტურის საშუალებით ავიხდინე და 12 სრულიად უცხო ადამიანთან ერთად, სიამოვნებით გავემგზავრე უძველესი კულტურის გასაცნობად. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაზე ცხადად გრძნობ წარსულის სულს და ხვდები, როგორ მიუყვები ცივილიზაციების ნაკვალევს.
სტრატეგიული მდებარეობის გამო, ეს ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა. ის იყო ევროპის, აზიის და აფრიკის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა. ამიტომაცაა, რომ ქვეყნის არქიტექტურას სხვადასხვა ცივილიზაციის გავლენა ეტყობა, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
იორდანიის გაცნობა ეკლექტური ქალაქით, ამანით დავიწყე.
ამანი ასირიელების, ბაბილონელების, ბოლოს კი რომის დაქვემდებარებაში მყოფი ქალაქი იყო. უწინ ფილადელფია ერქვა. ამანში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთელ იორდანიაში ერთად; ძირითადად – არაბები. მათ შორის არიან ქრისტიანი არაბებიც, რომლებიც შობას ჩვენსავით, 7 იანვარს აღნიშნავენ.
ამ ქალაქში უნიკალურადაა შერწყმული სიძველე სიახლესთან, უდაბნო – თანამედროვე შენობა-ნაგებობებთან. ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია ფეშენებელური სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, კლუბები, სავაჭრო ცენტრები. ამანი, ასევე, ცნობილია ეროვნული სამხატვრო გალერიით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მდიდარი მუზეუმია. სწორედ ამიტომ, იგი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრების თავშეყრის ადგილი და იორდანიის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია.
ამანიდან დაახლოებით 3 საათი დაგვჭირდა, რომ პეტრაში ჩავსულიყავით. გზად, არაბული პეიზაჟებით შთაგონებულს, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ სად იყო და სად არა, ჯადოსნური ლამპრიდან ჯინი ამოხტებოდა. მოლოდინი, რომ ზღაპარში მოვხვდებოდი, აქ გამართლდა.
შესასვლელი ბილეთი 80 დოლარი ღირდა. მართალია, ეს საკმაოდ დიდი თანხაა მხოლოდ ერთი ადგილის მოსანახულებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ღირს. პეტრა ყველა დროის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და დამსახურებულად უწოდებენ მსოფლიოს მერვე საოცრებას. გზა გრძელი და დამღლელია, ამიტომაც ხშირად ეტლით ან აქლემით გადაადგილდებიან. მე, ჯგუფთან ერთად, ფეხით სიარული ვამჯობინე. მივუყვებოდი ვიწრო და მაღალ, ბუნების მიერ წითლად შეღებილ კანიონს. რაც უფრო მეტ მანძილს გავდიოდი, მით უფრო იდუმალი იყო პეტრა. ასე გადაადგილება იმდენად გიხანგრძლივებს მომნუსხველ შთაბეჭდილებას, არ გირჩევთ ამ სიამოვნების მოკლებას. გზის ბოლოს დიდი სივრცე ჩანს და ვხვდები, რომ მთავარ სანახაობას მივადექი _ “ელ ჰაზნე” – ფარაონის საგანძური (როგორც მას არაბები უწოდებენ), ცნობილი ტაძარი – მავზოლეუმია, რომელიც დაახლოებით მეორე საუკუნით თარიღდება და ზუსტი დანიშნულება ჯერ კიდევ არაა დადგენილი. შთამბეჭდავია კლდოვანი კედლების ნაგებობა, უძველესი აკლდამები, საცხოვრებელი სახლები და ანტიკური თეატრი.
რთულია ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობების ზუსტი დათარიღება. ისინი სხვადასხვა ეპოქაშია აშენებული. დღესდღეობით, პეტრა, როგორც უძველესი ცივილიზაციის დანატოვარი, იუნესკოს სიაშია შეტანილი და უამრავ მოგზაურს იზიდავს.
ვადი რამი არის ადგილი, რომელიც იაორდანიაში ჩასულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა მოინახულოს. იგი აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქვიშა-ქვებისგან და გრანიტის კედლებისგან შემდგარ უდიდეს ხელშეუხებელ სივრცეს მოიცავს. აქ ზოგიერთი მთა 1750 მ. სიმაღლეს აღწევს. ამ იდუმალ ადგილას მოხვედრილს, ისეთი შეგრძენება გაქვს, რომ დრო გაჩერდა და თანამედროვე ცხოვრებისგან მოწყვეტილი, საკუთარ თავთან მარტო დარჩი.
პირადად ჩემთვის, სწორედ ვადი რამია მოგზაურობის ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი ნაწილი: ღია ცის ქვეშ დანთებული კოცონი, განსაკუთრებული არომატის ჩილიმი და უგემრიელესი ეროვნული კერძები, რომლებიც ბედუინებმა, ყველა ტრადიციის დაცვით, საკუთარი ხელით მოამზადეს. დღის ბოლოს კი მთელი ბანაკი არაბულ ჰანგებზე აგვაცეკვეს. ვადი რამი საუკეთესო ადგილია კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის, მოლაშქრეთათვის და თავგადასავლების მაძიებელთათვის.
კომფორტის მოყვარულთათვის კი იდეალური ადგილია მკვდარი ზღვის კურორტი _ ზღვის დონიდან ყველაზე დაბალი ადგილი მსოფლიოში. მკვდარი ზღვის წყალი საოცრად წყნარი, თბილი და სხვა ზღვებზე ბევრად მარილიანია. სწორედ სიმლაშის გამო არ ცხოვრობენ მასში ცოცხალი ორგანიზმები. აქ მოიპოვებენ ისეთ მინერალებს, რომლისგანაც სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ და ესეც უამრავ ადამიანს იზიდავს კურორტზე.
დილის 6 საათზე ავდექი, რომ ამ წყლის საოცრება პირადად გამომეცადა (უამრავი ოფიციალური შეხვედრის გამო, მართლაც რთული იყო დროის სხვანაირად განაწილება). სწორედ ეს იყო მოგზაურობის ყველაზე ლამაზი დილა. წყალში შეგიძლია დაჯდე და ხილით სავსე ლანგარიც კი დაიდო გვერდით. კარგი გასართობია ასე ტივტივი. მით უმეტეს, თუ უკვე კარგად დამეგობრებული ხარ ჯგუფის წევრებთან და განწყობა-შთაბეჭდილებას უზიარებთ ერთმანეთს. გაითვალისწინეთ, რომ ამ წყალში არ უნდა ჩაყვინთოთ და ვინიცობაა თვალი დაგისველდათ, დაუყოვნებლივ მტკნარი წყლით უნდა ჩამოიბანოთ. ეს კურორტი ჩემთვის დაუვიწყარი ადგილია.
შთაბეჭდილებებით დახუნძლულებმა წითელი ზღვის ყურეში გადავინაცვლეთ. აქაბა იორდანიის უმნიშვნელოვანესი სანავსადგურო ქალაქია. იგი ცნობილია თავისი ფლორითა და ფაუნით. მკვდარი ზღვისგან განსხვავებით, წითელი ზღვა წყალქვეშა სამყაროთი მდიდარია და მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ზღვად მიიჩნევა. სახელი წითელი ფერის მარჯნების სიუხვის გამო ეწოდა. ასევე საუკეთესოა ყვინთვით დაინტერესებულთათვის. მათ კი, ვისაც წყალში ჩასვლა არ უნდა ან ცურვა არ იცის, შეუძლია, ეს სამყარო მინისძირიანი ან წყალქვეშა ნავით ნახოს. თევზეულის მოყვარულებს უამრავი, ევროპასთან შედარებით იაფი რესტორანი გაგიმასპინძლდებათ. ჩემთვის, როგორც ზღვის ნობათის მოყვარულისთვის, იორდანიული სამზარეულო მოგზაურობის ერთ-ერთი სასიამოვნო ნაწილი იყო. აქ, როგორც სხვა ისლამურ ქვეყნებში, ღორის ხორცს არ მიირთმევენ, სამაგიეროდ ცხვრის ხორცის მომზადების უამრავი რეცეპტი აქვთ.
სხვათა შორის, 2008-09 წლებში იორდანიელებმა საქართველოდან ბევრი ცხვარი გაიყვანეს. ამბობენ, ქართულ ცხვარს სპეციფიკური სუნი არ აქვს და იორდანიული სამზარეულოსთვის მისწრებაა.
ქალაქის სამხრეთ ნაწილში, მთელი სანაპირო ზოლი საკურორტო ზონას უკავია. ერთი სიამოვნებაა აქ იახტით გასეირნება. მით უმეტეს, თუ ჩვენსავით გაგიმართლებთ და სწორედ იმ იახტაზე აღმოჩნდებით, რომლითაც თავად იორდანიის მეფემ იცურა.
ჩვენი მოგზაურობა წითელი ზღვის მეორე სანაპირო ზოლზე დასრულდა. სამშობლოსკენ ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხიდან დავბრუნდით. აქ ყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო დასვენებისთვის და დროის საინტერესოდ გატარებისთვის. ეს ადგილი შედარებით კარგადაა ცნობილი ქართველი დამსვენებლისთვისაც. ჩემთვის აღმოჩენა ყინულის ბარი იყო. თუ ევროპის სხვა ქალაქებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, აქ საოცრებას ჰგავს, რადგან მხარეში, სადაც ზამთარი არ დგება, პატარა ზღაპრული საყინულე აქვთ.
მოგზაურობის მთავარ შთაბეჭდილებად მაინც ამ ქვეყნის მარადიული სითბო და ის ფაქტი რჩება, რომ წლის ნებისმიერ სეზონზე შგიძლიათ დატკბეთ მზით, ზღვით და უდაბნოს იდუმალებით.

კომენტარები

კომენტარი