ზღაპრული მოზღაპრე ქვეყანა

ზღაპრული მოზღაპრე ქვეყანა

ალბათ არ არსებობს ამაზე უფრო დიდი დასაწყისი მსოფლიო წიგნთა შორის; ამაზე უფრო ყოვლისმომცველი და იმავდროულად – ყოვლისგამბიაბრუებელი – ,,იყო და არა იყო არა’’. მთელი სამყაროს ფილოსოფოსები და თეოლოგები რომ შეიკრიბონ, წუთისოფლის არსს ასე მოკლედ ვერ აღწერენ; რადგან ეს უკვე ითქვა. იქ, სადაც ქართული ზღაპარი იწყება.
თვითონ ზღაპარი უცნაურ დროს იკითხება ხოლმე – ძილის წინ. თითქოს მიგვანიშნებს კიდეც ამ ტრადიციის დამმკვიდრებელი – საქმე რაღაც ონირიულ, ნახევრად სიზმრის და ნახევრად _ რეალობის ამბავთან გვაქვს, წუთისოფელში მარად განუხორციელებელ ამბავთან.
მე პროპი არ ვარ და არც მსურს ზღაპრის გამოხატული ნიუანსების კვლევა შემოგთავაზოთ. ამისთვის ,,ზღაპრის მორფოლოგია’’ არსებობს. სხვა დანარჩენისთვის _ ზურაბ კიკნაძის ,,ქართული ხალხური ეპოსი’’. მე სხვა ამბავზე მოგითხრობთ; იმაზე, რომ საქართველო ზღაპრის ქვეყანაა, გნებავთ – ზღაპრული. ან საზღაპრო. ან ზღაპარივით. ხედავთ, რამდენი შეუძლია ენას? ასეა საქართველოც. ზღაპარი ხომ ილუზიის და რეალობის ნაზავია. ჩვენი ყოფაც ამას მოიცავს. ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ამაშია ჩვენი არსებობის უმთავრესი სიბრძნე. გენიოსი იყო საბა: ,,სიბრძნე სიცრუისა’’. ეს ამბავი ხან ფეხს წამოგვაკვრევინებს ხოლმე, ხან უკიდურესად გვაზარმაცებს (,,ლაფში ჩაფლული ურემი, შინ მიტანილი ჰგონია’’), ხანაც უსაფუძვლოდ გვათამამებს (,,აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ’’), მაგრამ უამისოდ შეიძლება ვერც გადავრჩენილიყავით. ტკივლის ყველაზე კარგი წამალი ხომ თვალის მოტყუებაა. აქაც სიცრუე მოიმარჯვა ქართველმა კაცმა. ძილის აღწერისას. რეალობიდან გაქცევისას. არის ერთი ასეთი ზღაპარი – ,,დღისით მკვდარი’’. აქ უკვე შეგვიძლია ფანტაზიას მეტი გასაქანი მივცეთ – ვთქვათ, რომ უფრო ღამის ხალხი ვართ, სიცხადის მოშიში ხალხი. თუმცა ფანტაზიას ლაგამი სჭირდება, რადგან არის ზღაპრები, რომელიც მზის უფროა, ვიდრე მთვარის. მზის ზღაპრებში ჩვენი გმირი დაუმარცხებელია და ეს სიუჟეტები, ალბათ, მაშინ ისახებოდა, ,,ოქროს ხანას’’ რომ ვეძახით. მჯერა, რომ ხელოვნება ყოველთვის იმეორებს სოციუმს, რაც უნდა აბსტრაქტული იყოს.
ამ ბოლოს ასეც გვიჭირს, მაგრამ, ალბათ, ჩვენი გმირი მაინც ნაცარქექიაა. ქართველი ოდისევსი შეამჩნიეს მასში _ მოხერხებული და დევთაგან თავის გადამრჩენი. დიდთაგან თავის გადამრჩენი და ამით დიდი. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს ჩვენს ოდისევსებს: ეს _ ზღვაა. ქართველ გმირს ზღვა არ უყვარს. არც ზღაპარში და არც ზღაპარს მიღმა. სიტყვა საზღვარიც ზღვის წინაპარი მგონია. არ ვიცი საიდან მოდის მსგავსი შიში. შეიძლება ეს იყოს მთავარი განსხვავება ჩვენსა და ევროპას შორის.
იმის თქმა მინდა, რომ ყველაფრის ძირი ზღაპარშია დამარხული. ჩვენც ყველანი ზღაპრის შვილები – ხან ვხუთკუნჭულობთ, ხან ასვფურცელობთ, ხან ვმზეთუნახავობთ, ხანაც გაუცინარი ხელმწიფეები ვართ და ხან, ვაი, გაღიმებულად დარჩენილები.
მაგრამ იმედი კი ჰეფი ენდის გვაქვს. თუმცა აქაც უცნაური. ყველგან ლიხინი ვერ წარმოგვედგინა, ყველგან ფქვილი ვერ გვინდოდა. ამიტომ კლასიკურ დასასრულს ისევ ნახსენები დასაწყისი ვამჯობინოთ ბოლოდ: იყო და არა, იყო ერთი ზღაპრული მოზღაპრე. იყო და არის.

კომენტარები

კომენტარი